ლობისტური კომპანიის დაქირავება დასჭირდათ, რათა დაამკვიდრონ აზრი, რომ სააკაშვილი კვდება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მცდელობა, რომ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება აიძულონ, „ჩვეულებრივი პიარკამპანიაა“.
„საქართველოში არსებული ტელევიზიები, NGO-სექტორი, პოლიტიკოსები და ლობისტი ევროპარლამენტარები მიხვდნენ, რომ მათი შემართება საკმარისი არ იყო და ლობისტური კომპანიის დაქირავება დასჭირდათ, რათა, როგორც თვითონ თქვეს, მეტად მიაწოდონ ინფორმაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნორებს, რომ „სააკაშვილი კვდება და უშველეთ!“. ცდილობენ, როგორმე, ეს აზრი დაამკვიდრონ. წარმოიდგინეთ, [სააკაშვილის] დიაგნოზს არ ასახელებენ. ჩემი აზრით, პროცესის იქით წაყვანა სურთ, რომ, ჰუმანური თვალსაზრისით, ეს ადამიანი შეგვაცოდონ. ალბათ, პრეზიდენტამდეც მივა ეს კანონსმიღმა პროცესი, რომ იქნებ, შეიწყალოს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.