რაც შეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ განცხადებებს სააკაშვილთან დაკავშირებით, ვფიქრობ საუბარიც ზედმეტია, იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახა ამ პოლიტიკური პარტიის სახე, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ წყევლაზე, მუქარაზე, შეურაცხყოფაზე, თუმცა ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა მათი აღქმები და პერსონალური შთაბეჭდილებები ჩვენი გუნდის რომელიმე წევრზე და ჩვენ ვაგრძელებთ საქმის კეთებას, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, „ნაცმოძრაობის“ წევრები ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობის დროს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდნენ.
„საკუთარი ტელევიზიებიდანაც კი მოუწოდებდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეწყვიტა შიმშილობა. არადა ყველა მორალური და ეთიკური პრინციპი მოითხოვს, რომ მოშიმშილეს მაქსიმალურად შეუწყო ხელი, რომ არ იშიმშილოს. თუმცა ეს ადამიანები საპირისპიროს აკეთებდნენ და [სააკაშვილს] ფაქტობრივად თვითდაზიანებისკენ ნაბიჯების გადადგმას აიძულებდნენ. შესაბამისად, მათი მოთხოვნები ნაკლებად საინტერესო არის“, - განაცხადა ბრეგაძემ.