ლევან ხაბეიშვილი: ყოველგვარი სპეკულაცია, რომ რაიმე სახით ხაბეიშვილის კანდიდატურა იქნება მოხსნილი, არის მდარე ტყუილი

ლევან ხაბეიშვილი: ყოველგვარი სპეკულაცია, რომ რაიმე სახით ხაბეიშვილის კანდიდატურა იქნება მოხსნილი, არის მდარე ტყუილი

ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ რაიმე სახით ხაბეიშვილის კანდიდატურა იქნება მოხსნილი, არის მდარე ტყუილი. შესაბამისად, ტყუილებზე, ფეიკნიუსებზე ლაპარაკი სირცხვილია. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აქტიურად განაგრძობს შეხვედრებს არა მარტო შიდაპარტიული არჩევნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხოს მობილიზება.

„არავის განკითხვა ჩემი საქმე არ არის. ამ ადამიანს, მის გონიერებას, ნიჭს პატივს ვცემ, თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნები არის შიდაპარტიული და არა გარე არჩევნები. პოლიტსაბჭოში მომხრეები თუ ეყოლება, რომლებიც მის კანდიდატურას დააყენებენ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ რაიმე სახით ხაბეიშვილის კანდიდატურა იქნება მოხსნილი, არის მდარე ტყუილი. შესაბამისად, ტყუილებზე, ფეიკნიუსებზე ლაპარაკი სირცხვილია. ჩვენ არასერიოზული ადამიანები არ ვართ, სერიოზულ საქმეზე ვართ, მათ შორის შიდაპარტიულ არჩევნებზე ვსაუბრობთ. აქამდე შეხვედრები მქონდა გორში, რუსთავში, თელავში, აქტიურად ვაპირებ შეხვედრებს გურიაში, აჭარაში არა მარტო შიდაპარტიული არჩევნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხოს მობილიზება. მთავარი მობილიზება ჩვენ გვჭირდება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, მისი საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზეც, „რამდენად არსებობს რესურსი, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს პოლიტიკური დისკუსიის და არა „ტალახის სროლის“ რეჟიმში“.