ვიქტორ ორბანის განცხადებით, საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა, რათა რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს

ვიქტორ ორბანის განცხადებით, საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა, რათა რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა, რათა რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს. უნგრული გამოცემა 24.hu-ს ცნობით, ეს განცხადება ორბანმა „ქრისტიან-დემოკრატების“ საერთაშორისო გაერთიანების კონგრესზე გააკეთა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპა ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის წინაშეა, მათ შორის უკრაინაში ომის, თანმხლები ეკონომიკური კრიზისის, არალეგალური მიგრაციისა და „დასავლური ნეომარქსისტული იდეოლოგიის გავრცელების კუთხით“.

ორბანის განცხადებით, ევროპა ერთიანია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მისი მიზანი.

„მთავარია, რომ რუსეთი არ წარმოადგენდეს საფრთხეს ევროპისთვის, ამისთვის კი საჭიროა სუვერენული უკრაინა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ მიზნის მიღწევის ინსტრუმენტებთან, კერძოდ კი სანქციებთან დაკავშირებით, მოსაზრებები განსხვავდება.

ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ მოკლევადიან მიზანს რეცესიის თავიდან აცილება წარმოადგენს, თუმცა ომის გამო ენერგორესურსების ფასის ზრდა და ევროკავშირის სანქციები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ამ მიზნის მიღწევას ართულებს.