ირაკლი ქადაგიშვილი: რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, გახლავთ, როგორ დავწეროთ ისეთი კანონი, რომ მათ პოტენციურ დამფინანსებლებს არ შეეხოთ

ირაკლი ქადაგიშვილი: რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, გახლავთ, როგორ დავწეროთ ისეთი კანონი, რომ მათ პოტენციურ დამფინანსებლებს არ შეეხოთ

იმას რასაც ჩვენ ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, გახლავთ - როგორ დავწეროთ ისეთი კანონი, რომ პოტენციურ მათ დამფინანსებლებს არ შეეხოთ. ეს არის სწორედ ის, რასაც ჰქვია, შეკვეთით დაწერილი კანონპროექტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„უკრაინული კანონი არ დაწერილა საქართველოზე მორგებულად, ანუ შესაძლო იმ ქართველ აქტორებზე, რომლებზეც ეს კანონი შეიძლება გავრცელდეს.

იმას რასაც ჩვენ ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, ეს გახლავთ - როგორ დავწეროთ ისეთი კანონი, რომ პოტენციურ მათ დამფინანსებლებს არ შეეხოთ. ეს არის სწორედ ის, რასაც ჰქვია, შეკვეთით დაწერილი კანონპროექტი, თითქოს, რასაც ყველაზე მეტად უნდა აპროტესტებდეს დღეს მათ შორის არასამთავრობო სექტორი. ოპოზიცია, მათ შორის, გნებავთ უცხოელი ექსპერტები თუ პოლიტიკოსები. ვხედავთ, რომ ყველანი დადუმებულები არიან. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, კონკრეტულად ამ რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პოლიტიკურ წრეებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის საკითხია. რადგან კომისიამ დაადასტურა, რომ უკრაინული კანონი გაწვეული არაა და მასზე მუშაობა გრძელდება, მმართველ გუნდში კანონპროექტის თბილისიდან გაგზავნის მიზანშეწონილობაზე დაიწყეს მსჯელობა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

„ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს წერილობით მიმართა - შეკითხვაზე, ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრების მომზადება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში უპასუხეს: „კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“.