არსებობს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მიერ არის მომზადებული და ანალოგიურია საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტიც, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.
„ასევე არის ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა, რომელიც ლოგიკას მოწყვეტილია. არის ასეთი გამოცდილება, რომელიც უკრაინას გააჩნია, ეს იქნება პირველი და რასაკვირველია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ევროკავშირის ექსპერტთა ფორუმის დასკვნა შეხედულება ამ კანონპროექტზე, რომელიც წარდგენილია უკრაინის მიერ, აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ საკითხებზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.
„ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს წერილობით მიმართა - შეკითხვაზე, ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრების მომზადება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში უპასუხეს: „კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“.