გიორგი ხელაშვილი: სრულიად შეუძლებელია დაეთანხმო სენატორ შაჰინს იმაში, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა

გიორგი ხელაშვილი: სრულიად შეუძლებელია დაეთანხმო სენატორ შაჰინს იმაში, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა

სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოში არის დიდი უკუსვლა დემოკრატიის გზაზე, რასაც შეუძლებელია დაეთანხმო. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ შენელდა რეფორმების ტემპი, ვინაიდან ქვეყანაში არის სერიოზული პოლარიზაცია, ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად ავრალის რეჟიმში საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის დასავლურ გზაზე წაყვანა, მაგრამ სრულიად შეუძლებელია დაეთანხმო სენატორს იმაში, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი მაჩვენებლით, მათ შორის ამერიკული ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებებით, საქართველოს არანაირად არ გადაუხვევია არც დემოკრატიის გზიდან და არც დასავლური ორიენტაციის და ინტეგრაციის გზიდან.

„ეს არის გადამეტებული, მეტაფორული შეფასება იმისა, რასაც ჩვენ კრიტიკის სახით ვისმენთ ხოლმე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. არა მგონია, აქ რაიმე სერიოზულ კრიტიკაზე იყოს საუბარი - ეს არის შეფასებები სენატორების მხრიდან, რომელიც პერიოდულად გვესმის ხოლმე. მე ვფიქრობ, ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია იმ ძალიან ცუდ იმიჯთან და ცუდ ოპტიკასთან, რაც საქართველოში შეიქმნა ორიოდე წლის განმავლობაში. ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ აქ არის სრული არეულობა, ერთმანეთის წარმოუდგენელი ზიზღი. ამავდროულად, ყველას, ვინც იცნობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ძალიან კარგად ესმის, რომ თუ ჩამოვაცილებთ ამას ოპოზიციის სატელევიზიო რიტორიკას, რეალურად, ქვეყანა მეტ-ნაკლებად ვითარდება, გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა და საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას ძალიან ცვალებად და საშიშ გარემოში, რომელიც შეიქმნა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. დემოკრატიის სტანდარტი საქართველოში ნამდვილად არ გაუარესებულა“, - აცხადებს გიორგი ხელაშვილი.