არჩევანი დააყენეს ასე, აქეთ არის ფული, აქეთ არის ნაკლები ფული, პარტიავ, აირჩიე რომელი გინდა! - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესს.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის ფასი ერთი და იგივეა.
„არცერთი არ გვირჩევნია ოპონენტად, ჩვენთვის მათი ფასი არის ერთი და იგივე. მათ, როგორც ოპოზიციას, კონსტრუქციული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში არ გააჩნიათ. ის კანდიდატი, ვინც ჰყავთ ახლა შერჩეული, ლევან ხაბეიშვილი, არ ვიცი „ნაციონალური მოძრაობა“, სად იყო და სად მივიდა. ხომ გინახიათ ხოლმე კინოში, შუა საუკუნეებში ციხესიმაგრის კარები რომ უნდა შეანგრიონ, ის ბოძი რასაც უნდა თავი არტყმევინონ და კარები შეამტვრევინონ, მე ვფიქრობ, დაახლოებით ეს ფუნქცია აქვს პოლიტიკაში მას დაკისრებული, მეტი არაფერი. მაგ პარტიას ახლა განაგებენ ის ადამიანები, ვინც ჯერ ღიად არ ჩანან, თუმცა კეზერაშვილმა თქვა, რომ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ტელევიზიებს ვაფინანსებო, რეალურად ეს ადამიანები არიან, ვინც იქნებიან რეალური ჩრდილოვანი მმართველები, თუ რა თქმა უნდა, ისე დალაგდა როგორც ეს ჩაფიქრებული აქვთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებაც ისაუბრა.
„მე მიმაჩნია, რომ ეს კანონი და ეს მოთხოვნა არის აბსურდი, ეს ჩემი პიროვნული ხედვაა. ეს თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება იმ ბურჟუაზიულ დემოკრატიულ სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა ამერიკაშიც და ევროპაშიც იმიტომ, რომ ეს სისტემა შეიქმნა იმის შემდეგ, როცა გაჩნდა კაპიტალი და კაპიტალმა გააჩინა დაქირავებული მუშა და აღარ იყო ფეოდალზე მიბმული ყმა, ამან შექმნა დემოკრატიისა თუ ბურჟუაზიული დემოკრატიის ის მოდელი, რომელიც 21-ე საუკუნემდე ავად თუ კარგად მოვიდა და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ კაპიტალის მოდელი არ შეიძლება, რომ პოლიტიკაში იყოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, დეოლიგარქიზაციის კომისიისთვის აპირებთ თუ არა, რომ წამოჭრათ საკითხი მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის შესახებ, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს: „ჯერ მივიღოთ კანონი, ამ კანონის მიხედვით შევხედოთ ეს ორგანო როგორ იმუშავებს და შემდგომ მოხდება განცხადებების გაკეთება ამა თუ იმ პირთან დაკავშირებით. შეიძლება, რომ კანონის კრიტერიუმები შეეხოს ოპოზიციასაც“.