ევროკომისიის დელეგაციას რას ვახვედრებთ? - მხოლოდ და მხოლოდ კომისიას, შექმნილია 12 კომისია და მათში ჯერ არ შექმნილა არანაირი პროდუქტი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ევროკომისიის წევრების საქართველოში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
რომან გოცირიძის განცხადებით, ერთადერთი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, თუმცა ისიც სრულიად ცდება ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.
„არაფერი არ დახვდებათ, დეკემბერი არავის გაუუქმებია, რა ვადაშიც უნდა ყოფილიყო მომზადებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე კანონები. შემდეგ კი გადაიწია განხილვამ, მაგრამ დეკემბრის შემდეგ იქნება განხილვა რამდენიმე თვეში და ბოლო გადაწყვეტილება წლის ბოლოს. რას ვახვედრებთ? მხოლოდ და მხოლოდ კომისიას. შექმნილია 12 კომისია და ამ კომისიაში ჯერ არ შექმნილა არანაირი პროდუქტი. ერთადერთი, რაც მათ მოამზადეს, ეს არის კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რომელიც სრულიადაა აცდენილი იმ სულისკვეთებას და იმ შინაარს, რასაც ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მან ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კონტექსტში სახალხო დამცველის არჩევის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ სახალხო დამცველის არჩევის პროცესიდან არასამთავრობო სექტორის და პარტიების ჩამოცილება მოხდება და „ქართული ოცნება“ რომელიმე 2 ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით თავის კანდიდატს გაიყვანს, ასეთ სახალხო დამცველს ევროკავშირი არასდროს აღიარებს.
„მათ არ ჰყოფნით 2 ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე უნდა გამოჩნდეს 2 ხმა. გვაქვს თუ არ გარანტია, რომ ეს 2 ხმა არ გაჩნდება? - არ ვიცი, ვერ გეტყვით, არაფერი გამორიცხული არ არის, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ იცის „ მუშაობა“დეპუტატებთან და შეიძლება ძალიან მოულოდნელი სიურპრიზის წინაშე აღმოვჩნდეთ, თუმცა ეს იქნება ამ პროცესის კრახი, ვინაიდან, როგორც პარტიები, ასევე არასამთავრობო სექტორი ფაქტობრივად ჩამოცილებული იქნება პროცესს და არასდროს არ აღიარებს ევროკავშირი ამ გზით დანიშნულ სახალხო დამცველს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძემ გადაცემაშინ საქართველოს ყოფილ პრერმიერ-მინისტრზე, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიაზეც ისაუბრა და უპასუხა კითხვას, შეიცვლება თუ არა პოლიტიკური ვითარება თუკი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერები, მაგალითად გიორგი გახარია, ალაპარაკდებიან, რომან გოცირიძის თქმით, გახარია ვერაფერს იტყვის იმაზე მეტს, რაც უკვე ყველას არ აქვს ნათქვამი.
„რა უნდა თქვას იმაზე მეტი, რაც უკვე ყველამ თქვა, მაგრამ ხომ იქნება დიდი სენსაცია, რომ მაგალითად ისაუბროს ხაზარაძის ბანკიდან გაგდებაზე, სისხლის სამართლის საქმის წამოწყებაზე, ანაკლიის ჩაძირვაზე, წერილზე, რომელიც გახარიამ მათ მიწერა, სენსაცია იქნებოდა რომ ეთქვა, რომ ბოდიში, ეს წერილი მე მივწერე ხაზარაძეს, ყველაფერი მე გავაკეთე ბიძინას დავალებით, ეს იქნებოდა ვაჟკაცობა“ , - აღნიშნა რომან გოცირიძემ.