გიორგი ამილახვარი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ამ პოლიტიკური ოროსნების, სამი მუშკეტერის მოწოდებები „არ გაიშვა“ - ოპოზიციურ ფლანგზე ნიშა გამოჩნდა და გამოვიდა გიორგი ვაშაძე დროშით ხელში

გიორგი ამილახვარი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ამ პოლიტიკური ოროსნების, სამი მუშკეტერის მოწოდებები „არ გაიშვა“ - ოპოზიციურ ფლანგზე ნიშა გამოჩნდა და გამოვიდა გიორგი ვაშაძე დროშით ხელში

ამ პოლიტიკური ოროსნების მოწოდებები არ გაიშვა... კარგი იქნება, თუ ისინი ჯერ ხალხს დაარწმუნებენ თავიანთ პოლიტიკურ ხედვებში, რაღაც პოლიტიკურ ძალას მოიკრებენ, ამომრჩევლების რაოდენობას დააგროვებენ და მერე გველაპარაკონ მაღალ მატერიებზე, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი „სტრატეგია აღმაშენებლის" „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას "დროას" საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებას.

როგორც ამილახვარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს რაიმე არგუმენტი და ინიციატივა აქვთ, პარლამენტში, სამუშაო ჯგუფებში წარადგინონ და „მაღალ მატერიებზე“ მერე ისაუბრონ.

„რაც შეეხება ამ სამი მუშკეტერის განცხადებას, ცოტა დიდ სურათში რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას რასთან გვაქვს საქმე - ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის პროცესები, რამდენიმე დაჯგუფება დაკავებულია ერთმანეთთან ბრძოლაში, ვის დარჩება ხელში პარტიის ფინანსები, ტელევიზიები, პარტიაში შიგნით გავლენები... „ნაციონალური მოძრაობა“ - რადიკალური ფრთა, ოდნავ მინელდა და გამოჩნდა ნიშა ოპოზიციურ ფლანგზე და გამოჩნდა გიორგი ვაშაძე დროშით ხელში. ამ პოლიტიკური ოროსნების მოწოდებები არ გაიშვა... აქ არ ვგულისხმობ მათ აკადემიურ მოსწრებას, ვგულისხმობ რეიტინგებს. კარგი იქნება, თუ ისინი ჯერ ხალხს დაარწმუნებენ თავიანთ პოლიტიკურ ხედვებში, რაღაც პოლიტიკურ ძალას მოიკრებენ, ამომრჩევლების რაოდენობას დააგროვებენ, კეთილს ინებებენ და მოვლენ საქართველოს პარლამენტში. თუ რაიმე არგუმენტი და ინიციატივა აქვთ, სამუშაო ჯგუფებში წარმოგვიდგინონ და მერე გველაპარაკონ მაღალ მატერიებზე. ჩვენ არ გავურბივართ დებატებს და პარლამენტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე დებატებისთვის, თუმცა, ეს არ გამორიცხავს სატელევიზიო დებატებს და არც ამას გავურბივართ. სიმართლე გითხრათ, მათთან სადებატოც რა გვაქვს? ნებისმიერ ობიექტურ, კრიტიკულ ტელევიზიაში დავსხდებით მათთან სადებატოდ, მაგრამ არა პარტიულ ტელევიზიებში. ვინ არის ეს სამი ადამიანი, რომელსაც გააჩნია ამხელა ამბიცია, რომ მთლიანად ხალხის სახელით გველაპარაკოს ასეთ მაღალ მატერიებზე? აი, ვინ არიან?“ - განაცხადა ამილახვარმა.

ამასთან, მან უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტისგან უმძიმეს და უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს“.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, გამორიცხულია, ვაშაძემ რეზოლუციაზე რამე იცოდეს.

„სად გაეცნო ვაშაძე რეზოლუციის ტექსტს? ეს არის სრული სიყალბე, სიცრუე. ამას ახლაც ვეუბნები და პარლამენტშიც ვეტყვი. გამოვრიცხავ რომ რეზოლუციის ტექსტზე, რომელიც 1 წლის მერე უნდა მიიღონ, ვაშაძემ რამე იცოდეს. ასეთი თეორიულადაც რომ არსებობდეს, მას ამას არავინ გაანდობდა. დღეს ვაშაძე არანაირ ფიგურას არ წარმოადგენს, არც ოპოზიციაში“, - განაცხადა ამილახვარმა.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად დადის საზღვარგარეთ, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესს ჩირქი მოსცხონ.

„12-პუნქტიანი რეკომენდაციების ყველა პუნქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. არცერთი არ შემოსულან არცერთი წუთით ამ სამუშაო ჯგუფებში და ჩირქს სცხებენ ამ პროცესს. ამ ადამიანებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში უბრალოდ არ უნდათ, რომ ქვეყანამ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, ამას ვერ შეეგუებიან ისინი. ეს რომ „ქართული ოცნების“ წარმატებად ასოცირდებოდეს, ეს მათ ყველაზე საზარელ სიზმრებშიც კი ვერ წარმოუდგენიათ. ამიტომ ისინი მიზანმიმართულად დადიან, თითქოს მაღალი დონის ვიზიტებზე, არადა, კორიდორებში „სელფებს“ იღებდნენ და ქუჩებში ჩართვებს აკეთებდნენ და ამით გვანებივრებდნენ. მაღალი დონის შეხვედრები ვის ჰქონდა გუშინ და როგორ იმართება, ამას საზოგადოება კარგად ხვდება. თუ მათ გულწრფელად უნდათ საქართველოს წარმატება, იქ რომ ჩადიან, კულუარებში და ლობისტებში ისე კი არ უნდა ილაპარაკონ, რომ შეაფერხონ ეს პროცესი“, - განაცხადა ამილახვარმა.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმაზე ოპოზიციის შენიშვნებს, როგორც ამილახვარმა აღნიშნა, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და რადიკალური ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდისგან ითხოვს ისეთი საკითხების შესრულებას, რასაც ევროკავშირის რეკომენდაციებიც არ ითვალისწინებს.

ამილახვარის თქმით, სასამართლო სისტემა „საცდელ ლაბორატორიად“ ვერ გადაიქცევა.

„ძალიან დიდი ნაბიჯებია გადადგმული დამოუკიდებლობის კუთხით, ხარისხის კუთხით, მაგრამ დიახ, ჩვენ იმასაც ვამბობთ, რომ რეფორმა გასაგრძელებელია. ჩვენ არ და ვერ დავთანხმდებით ისეთ იდეებს, რეფორმებს და პუნქტებს, რომლის მიზანი არის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა, კერძოდ, სასამართლო სისტემა გადავაქციოთ საცდელ ლაბორატორიად. ამას გვთხოვს რადიკალური ოპოზიციის სპექტრი და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი ითხოვენ ისეთი რამის შესრულებას, რაზეც რეკომენდაცია ევროკავშირისგანაც კი არ გვაქვს“, - განაცხადა ამილახვარმა.