როცა ლევან მურუსიძესა და მეც, შეგვიწყდა პირველი მოწვევის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა, მაშინ კანონმდებლობა არ გვაძლევდა უფლებას ხელმეორედ გვეყარა კენჭი. დღეს არსებული კანონმდებლობით ეს უფლებამოსილება გვაქვს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ესეც მსჯელობის საგანი იყო სარეფორმო ჯგუფში, რომელიც პარლამენტშია შექმნილი და მე ამ ჯგუფის წევრი ვარ, იქ ჩვენი ოპონენტები ამ ცვლილებასაც აკრიტიკებდნენ. თუმცა ვერ მიუთითეს ვერცერთ საერთაშორისო სტანდარტზე, რომელსაც ეს ცვლილება ეწინააღმდეგება. არც ერთ სახელისუფლებო შტოში ასეთი აკრძალვა არ არის, რომ ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ, ზედიზედ იყოს იმავე თანამდებობაზე განწესებული“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი: ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა.