მათ ქვეყნის შიგნით არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ და მის ფარგლებს გარეთ დადიან, სადაც საქართველოს საწინააღმდეგო აგიტაციასა და კამპანიას ეწევიან, რაც არის სამარცხვინო საქციელი და საბოტაჟი ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილ ვაშაძის, ჯაფარიძისა და ხოშტარიას განცხადებას.
„ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ბრალს იმაში სდებენ, თითქოს ჩვენ ევროპისაკენ არ მივისწრაფვით. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდისტები არიან და მათ ქვეყნის შიგნით არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ. მათ არ აქვთ საზოგადოებასთან მისვლისა და მათგან მხარდაჭერის მიღების რესურსი. ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დადიან, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციასა და კამპანიას ეწევიან, რაც არის სამარცხვინო საქციელი და საბოტაჟი ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ. როცა არჩევნები შედგება, საზოგადოება მათ მორიგ საკადრის პასუხს გასცემს. ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.
ზურა გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ სატელევიზიო დებატებში იწვევენ, რომლის მიზანი ევრორეკომენდაციების პუნქტობრივი განხილვა იქნება. განცხადებაში იდეის ავტორები წერენ, რომ წარმოადგენენ არგუმენტებს, თუ რატომ აქვს საქართველოს დაბალი შანსი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, შეჯამებულია ბრიუსელში მათი სტუმრობა და შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან.