ის ადამიანები, რომლებიც თვითონ უწყობენ ხელს, რომ არ შედგეს შეთანხმებები უამრავ პუნქტთა დაკავშირებით, რომ გამოდიან და შემდეგ ხელს იშვერენ, ეს ცოტა საკუთარი პასუხისმგებლობის ჩაფარცხვის მცდელობას ჰგავს, - ასე ეხმაურება „გირჩის“ წევრი ჰერმან საბო ვაშაძის, ჯაფარიძისა და ხოშტარიას განცხადებას.
„ბატონი გიორგი ვაშაძე რომ ყველა სამუშაო ჯგუფში შემოსულიყო, დამჯდარიყო, თავისი მოსაზრებები წარმოედგინა და „ქართულ ოცნებას“ ისინი არ გაეზიარებინა, მერე ექნებოდა სრული მორალური უფლება, რომ გაეკრიტიკებინა „ქართული ოცნება“, - აცხადებს საბო.
ზურა გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარია, „ქართულ ოცნებას“ სატელევიზიო დებატებში იწვევენ, რომლის მიზანი ევრორეკომენდაციების პუნქტობრივი განხილვა იქნება. განცხადებაში იდეის ავტორები წერენ, რომ წარმოადგენენ არგუმენტებს, თუ რატომ აქვს საქართველოს დაბალი შანსი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, შეჯამებულია ბრიუსელში მათი სტუმრობა და შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან.