მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს ევროპული პერსპექტივის ოფიციალური სტატუსი, ამაზე ვერც ვიოცნებებდით და ეს არ არის ცოტა, - ამის შესახებ ვაჟა-ფშაველას ფონდი ხელმძღვანელმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპული გზა და იდეა განხეთქილებისა და კონფრონტაციის და არა კონსოლიდაციის თემა ხდება.
„ძალიან ხშირად ხდება ევროპული იდეის ეროვნულ იდეასთან დაპირისპირება. პირდაპირ აჭიდავებენ ეროვნულ იდეას ევროპულ იდეასთან და პირდაპირ ბულინგის თემაა, რომ თუ ხარ ტრადიციონალისტი, კონსერვატორი ან ეროვნულ იდეებს ემსახურები, მაშინ პრორუსი ხარ. ვაჟა-ფშაველაზე მეტი ანტირუსი არ არსებობდა და ვაჟა-ფშაველა იყო კონსერვატორი, ტრადიციების დამცველი, ქართველი კაცის ფსიქოტიპია. ვაჟაზე მეტად ევროპული შემოქმედი არ მეგულება. ჩვენ ჩვენი ღირებულებების დაცვისთვის გვინდა ევროპა. ევროპას ვჭირდებით ისეთები, როგორებიც ვართ. ევროპაში უნდა დაგვიცვან ისეთები, როგორებიც ვართ და თუ ჩვენ დავკარგეთ ჩვენ სახე, მაშინ საკაცობრიო სალაროსთვის საერთოდ აღარ ვიქნებით საინტერესო“, - განაცხადა რაზიკაშვილმა.