რა საკვირველია, ეს არის დაუშვებელი და შეუწყნარებელი ფაქტი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკანონობა. ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ ვერ შეიწყნარებს. რა საკვირველია, რეაგირება იქნება, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ გასარკვევია არის თუ არა ეს ახალი ფურცელი საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობაში.
„რას ველოდებით, ძნელი სათქმელია. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წლის განმავლობაში, მიუხედავად სხვადასხვა „სურვილისა“ თუ „რჩევისა“ ლუკაშენკო ყოველთვის ინარჩუნებდა მყარ პოზიციას და არაღიარების პოლიტიკას უერთდებოდა და მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, გასარკვევია რა არის ეს - არის ეს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობაში თუ არა“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ეს ჩასვლა ერთჯერადი აქტიც რომ აღმოჩნდეს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი მაინც დაუშვებელია.