ვხედავ, რომ „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ხათუნა სამნიძეს სადავეები გაექცა პოლიტიკურ ჯგუფში და ვეღარ იღებს პასუხისმგებლობას - საკვირველად, ზედმეტად დესტრუქციულიც კი არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებას, რომ პარტია სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ზღვარს არის გაცდენილი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება სრულად ემიჯნება „რეფორმების ჯგუფს“. ვხედავ, რომ ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ხათუნა სამნიძეს სადავეები გაექცა პოლიტიკურ ჯგუფში და ვეღარ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი ჯგუფის წევრებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, ყველა ზღვარს არიან გაცდენილი, მათ შორის ეთიკურობის კუთხით. ვნახე განცხადება - ასეთი ენა მიუღებელია პარლამენტში და სცდება ეთიკურ სტანდარტებს. ზოგადად, ვატყობთ, რომ საკვირველად, ზედმეტად დესტრუქციულიც კი არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, არ ვიცი, რითაა ეს გამოწვეული“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება თავად სახალხო დამცველის არჩევის პროცესს, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ ახალი სახალხო დამცველის არჩევა მოხდება, ეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის თანამონაწილეობით იქნება.
„ჩვენ არ გვაქვს საკმარისი უმრავლესობა, შესაბამისად, თუკი ახალი სახალხო დამცველის არჩევა მოხდება, ეს იქნება სხვადასხვა პოლიტიკური ძალის თანამონაწილეობით. რაც შეეხება თავად პროცესს, გვქონდა ბრძანების პროექტი. ყველა საკითხზე შევთანხმდით. საბოლოო ვერსია მოვამზადე. დღეს გავუგზავნით ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და შევთავაზებთ, რომ დღესვე შევძლოთ ბოლო კონსულტაციის გავლა, რათა ბრძანება გამოიცეს და გამოცხადდეს განცხადებების მიღების პროცესი. ამიტომ ამასთან დაკავშირებით არანაირი შეუთანხმებელი საკითხი არ არსებობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარტია სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროპული რეკომენდაციის პრინციპებს.