„ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანა ახლა არის მათი კომპანიების მიერ უძრავი ქონების გასაღება, ამიტომ მიგრაციის პოლიტიკა დღეს დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ ბიზნესზე, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დამკვიდრებისა და ბიზნესების დარეგისტრირების ტენდენცია რადიო „პალიტრის“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“.
რომან გოცირიძის განცხადებით, 7 ათასზე მეტი დარეგისტრირებული „რუსული ბიზნესი“ ჯერ მხოლოდ ქაღალდია და ეს არ ნიშნავს, რომ უკვე კომპანიებია ჩამოყალიბებული, თუმცა მომავალში მათ შეიძლება მიიღონ მონაწილეობა პარალელურ იმპორტში და ასევე, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან გამოყენებული იყოს ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საჭიროა არა ტურისტებზე შეზღუდვების დაწესება, არამედ ბინადრობის უფლების მინიჭების შეზღუდვა.
„ამ რიცხვების დიდი ნაწილი ჯერჯერობით არის ქაღალდზე, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კომპანიად ჩამოყალიბდა. ესენი ჯერჯერობით საქმიანობენ რუსეთიდან ფულის გადმორიცხვის კუთხით, ვინაიდან არნახული ოდენობით გაიზარდა რუსეთიდან ტრანსფერები. ასევე უამრავი სტრუქტურა შეიძლება ე.წ. პარალელური იმპორტისთვის იქნას გამოყენებული. ეს შემდეგ გამოჩნდება, მაგრამ მთავარია პრობლემას უნდა შევხედოთ სხვანაირად და აქცენტები არ უნდა აგვერიოს - საფრთხე არის იმ ადამიანში, რომელიც ჩამოდის და რჩება. რატომ რჩება? იმიტომ, რომ საქართველო არის ლამის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში რუსეთისთვის, სადაც აქ შემოსულ ადამიანს შეუძლია ერთი წლის განმავლობაში იცხოვროს, როგორც ტურისტმა. როდესაც თუნდაც იგივე სომხეთში, თურქეთში და სერბეთშიც კი 90- დღიანი ვადაა.
უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეში - ბინადრობა რამდენს მისცეს, რუსეთის რამდენ მოქალაქეს მიეცა საქართველოში ცხოვრების უფლება. ეს ცხოვრების უფლება არის გამარტივებული წესით და საჭიროა ან 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება იყიდო, მთელი ეს უძრავი ქონების ბიზნესი დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“ ანუ „ქართული „ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანა ახლა არის მათი კომპანიების მიერ უძრავი ქონების გასაღება. ამიტომ მიგრაციის პოლიტიკა დღეს დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ ბიზნესზე. ასევე, მეორე გზა ბინადრობის მიღებისა არის 300 ათას დოლარამდე თუ განახორციელებ ინვესტიციას. ფირმები ვახსენეთ და ვიღაც შემოიტანს 300 ათას დოლარს, დააფუძნებს შპს-ს და მერე მივა და იტყვის, რომ 300 ათასი დოლარი შემოვიტანეო, მას შეუძლია შემდეგ გადარიცხოს სხვაგან, სადღაც წაიღოს ან არაფერიც არ გააკეთოს.
მთლიანობაში დღეს ჩვენი კანონები პირდაპირ მორგებულია რუსეთის მოქალაქეებზე, რომ მათ შეიძინონ ბინები და დამკვიდრდნენ. ამიტომ შესაცვლელია ყველაფერი და ბუნებრივია, რომ არავის უნდა ჰქონდეს საქართველოში ცხოვრების უფლება, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა. ჩვენ უნდა მივხედოთ იმ საკითხს, რომელიც არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის და არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის - ეს არის ბინადრობის საკითხი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.