გიორგი ვაშაძე:  თუ ოპოზიცია ხარ, „ოცნებას“ არ მიეხმარები ომბუდსმენის კანდიდატურის გათრევაში - თუ სხვა ნაბიჯებს გადადგამ, მაშინ ეს პარტიები წავშალოთ და აღარ დავარქვათ ოპოზიცია

გიორგი ვაშაძე: თუ ოპოზიცია ხარ, „ოცნებას“ არ მიეხმარები ომბუდსმენის კანდიდატურის გათრევაში - თუ სხვა ნაბიჯებს გადადგამ, მაშინ ეს პარტიები წავშალოთ და აღარ დავარქვათ ოპოზიცია

არაფორმალურ შეხვედრაზე მდინარაძესთან და „ქართულ ოცნებასთან“ არაფერი განსახილველი არ გვაქვს - თუ ხარ ოპოზიცია, „ოცნებას“ არ მიეხმარები ომბუდსმენის კანდიდატურის გათრევაში, ეს იქნება ჩვეულებრივი ტესტი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ „ლელოსა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი გეგმავენ მხარი დაუჭირონ არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს, რის თაობაზეც ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას აქვს განცხადება გაკეთებული და თუ ვინმე სხვა ნაბიჯებს გადადგამს, მას შეიძლება აღარც ეწოდოს ოპოზიცია.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს მკაფიო პოზიცია - სრულად ვენდობით სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებულ პროცესს, შესაბამისად, დაველოდებით იმ კანდიდატებს, რომლებსაც შეარჩევს სამოქალაქო სექტორი და მათგან ავარჩევთ იმ კანდიდატს, რომელსაც მხარს დაუჭერს „სტრატეგია აღმაშენებელი“. იმედი მაქვს, ოპოზიციურ ფლანგზე ეს პოზიცია იქნება გაზიარებული. როგორც მინიმუმ ყველა, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ამ პოზიციაზეა. არაფორმალურ შეხვედრაზე მდინარაძესთან და „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენ არაფერი განსახილველი არ გვაქვს. პროცედურა დაწყებულია სამოქალაქო სექტორის მიერ და ეს პროცედურა თავად „ქართული ოცნების“ მიერ არის დამკვიდრებული წინა სახალხო დამცველის შერჩევის დროს. რა უნდა ვიმსჯელოთ? დაველოდოთ, ვინ წარადგენს საკუთარ კანდიდატებს, აქედან უნდა ავარჩიოთ საუკეთესო და დავუჭიროთ მხარი. სხვა ყველა პროცესი ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან ის, რომ რამენაირად გაათრიოს საკუთარი კანდიდატურა. პირდაპირ გეტყვით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, არავინ უღალატებს საკუთარ პოზიციას და არავინ გადავა „ქართული ოცნების“ მხარეს. ეს იქნება ჩვეულებრივი ტესტი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის. თუ ხარ ოპოზიცია, „ოცნებას“ არ მიეხმარები საკუთარი კანდიდატურის გათრევაში. რამდენიმე ხმაზეა საუბარი, რაც მათ აკლიათ. თუ ოპოზიციური პარტია ხარ, უნდა გაითვალისწინო სამოქალაქო სექტორის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან აარჩიო შენთვის სასურველი. თუ რაიმე სხვა ნაბიჯებს გადადგამ, ეს პარტიები წავშალოთ მაშინ და აღარ დავარქვათ ოპოზიცია,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ერთ- ერთი რეკომენდაციაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, მმართველი გუნდის მონაწილეობით შეხვედრა იმართება. შეხვედრას „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება.