მიხეილ სარჯველაძე:  მგონია, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება - არ არსებობს არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ვიტყვით, რომ კანონპროექტს რაიმე წუნი აქვს

მიხეილ სარჯველაძე: მგონია, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება - არ არსებობს არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ვიტყვით, რომ კანონპროექტს რაიმე წუნი აქვს

როდესაც კანონპროექტის საწინააღმდეგოდ რაიმე საგნობრივი არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის, მგონია, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება - არ არსებობს არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ვიტყვით, რომ კანონპროექტს რაიმე წუნი აქვს! - ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის პოზიცია „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლითაც ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული ნორმები შეიცვალა.

სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ კანონპროექტი ერთი მხრივ, ადამიანის უფლებრივი კუთხით და მეორე მხრივ, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით დაუბალანსებელი არ არის და ამ კონტექსტში ნაკლოვანება არ გააჩნია.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, „საკითხების ასეთივე გადაწყვეტის მოდელი ევროპის არა ერთ ცივილიზებულ ქვეყანას აქვს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან აბსოლუტურად თავსებადია“.

„ფორმალური თვალსაზრისით კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით არ განხილულა. რაც შეეხება საკითხების ნაჩქარევად განხილვას, მინდა შეგახსენოთ, რომ განხილვის პროცედურა ორი კვირით გადაიდო, რათა არგუმენტაცია წარმოედგინათ, თუმცა კანონპროექტის საწინააღმდეგოდ რაიმე წონადი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, საიდან გაჩნდა იდეა, რომ პროცედურები ნაჩქარევი იყო და ვინმეს საკუთარი მოსაზრებების სრულფასოვნად წარმოდგენისა და პოლემიკაში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

რაც შეეხება კანონის შინაარსობრივ მხარეს, რაიმე რეალური, საგნობრივი არგუმენტი, რომლის გამოც შეგვეძლო გვეთქვა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დასაწუნია, წარმოდგენილი არ არის. ყველა სტანდარტი რასაც შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენდეს - კოლიზია, წინააღმდეგობა არ არსებობს. ვერ ვიტყვით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა რომელიმე კარგ თანამედროვე სტანდარტს არღვევს. აქედან გამომდინარე, საგნობრივი კრიტიკა წარმოდგენილი არ არის არც ვენეციის კომისიის და არც პრეზიდენტის მხრიდან.

კანონზე არავითარი მოტივირებული შენიშვნა წარმოდგენილი არ არის - პრეზიდენტის ვეტო ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც საგამოძიებო უწყებებს ფარული მიყურადების თვალსაზრისით უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს.

ზურაბიშვილის მიერ გამოყენებულ ვეტოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.