“ისფედი” არასამთავრობო ორგანიზაციას ნაკლებად ჰგავს - ის უფრო “ნაციონალური მოძრაობის” მანტიის ქვეშ ამოფარებული პოლიტიკური ძალაა და “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის ძირითადი მიზანიც მათ მიერ ჩადენილი გაყალბების შედეგად რევოლუციური განწყობების ამაღლება იყო და ის დესტრუქცია, რომელიც არ შედგა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფებში “სამართლიანი არჩევნების” არდაშვებასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფების კარი ღიაა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე პოლიტიკური პარტიებისთვის და “ისფედი” უნდა ჩამოყალიბდეს რომელია.
“რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მონაწილეობას იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს (12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით), კარი ფართოდ არის გახსნილი როგორც სამოქალაქო სექტორისთვის, ისე პოლიტიკური პარტიებისთვის. ასე რომ, უნდა ჩამოყალიბდნენ - თუ ორგანიზაცია არის პოლიტიკური პარტია, “ისფედმა” უნდა შეიცვალოს მანტია, დაირქვას ის სახელი, რომელიც რეალურად ეკუთვნის და შემდგომ, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, ისე უნდა მიიღოს პროცესში მონაწილეობა. ხოლო, როცა იბრალებენ სამოქალაქო საზოგადოებას და რეალურად დესტრუქციულ პოლიტიკურ მიმართულებას აგრძელებენ (თუნდაც მათი მოთხოვნა ტექნიკური მთავრობით ლეგიტიმური მთავრობის ჩანაცვლების შესახებ, რაც არათუ უკან დახევაა საკუთარი შეცდომის და გაყალბების აღიარება, არამედ ამის გაღრმავებაა, რისკენაც ეს ორგანიზაცია მიდიოდა), არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ხელისუფლების და საზოგადოების დამოკიდებულება გამყალბებლების მიმართ ადეკვატურია”,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.