ირაკლი ქადაგიშვილი:  პრეზიდენტმა არგუმენტირებული ვეტო ვერ მოგვცა - თუ ვენეციის კომისიას ექნება ისეთი არგუმენტირებული დასკვნა, რაც არგუმენტების დონეზე დაანახებს კანონმდებლებს, რომ ამის გათვალისწინება შეიძლება, გავითვალისწინებთ

ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტმა არგუმენტირებული ვეტო ვერ მოგვცა - თუ ვენეციის კომისიას ექნება ისეთი არგუმენტირებული დასკვნა, რაც არგუმენტების დონეზე დაანახებს კანონმდებლებს, რომ ამის გათვალისწინება შეიძლება, გავითვალისწინებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებებზე ვეტო პრეზიდენტის მხრიდან არგუმენტირებული არ იყო და თუ ვენეციის კომისიის შეფასებით აღმოჩნდება, რომ აღნიშნულ ცვლილებებში არაფერია ისეთი, რაც ნორმალური დემოკრატიის ქვეყნების პრაქტიკაში არ ხდება, „ქართული ოცნება” ვეტოს დაძლევაზე იმუშავებს. თუმცა, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, თუ ვენეციის კომისიის დასკვნა კანონმდებლებს დაანახებს, რომ მათი არგუმენტების გათვალისწინება შეიძლება, მმართველი გუნდი გაითვალისწინებს.

„მოსმენების კანონი გულისხმობს იმას, რომ გამოძიებას კანონით ჰქონდეს დარეგულირებული ის აუცილებელი პირობები, რაც საგამოძიებო მოქმედებების დროს ფარულ მიყურადებას სჭირდება. არ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული ისე, რომ საერთაშორისო პრაქტიკა არ იყოს გათვალისწინებული. ეს ყველაფერი საერთაშორისო პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია. როდესაც გამოძიებას ასეთი წინადადება აქვს, თავისი კონკრეტული დასაბუთება აქვს, რატომ სჭირდება გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე, რომ მოსმენებთან დაკავშირებით დამატებითი რეგულაციები იყოს შემოტანილი. როდესაც ვამბობთ, რომ რაღაც არ ვარგა, უნდა ვიცოდეთ, რატომ არ ვარგა და რატომ არის კარგი ევროპული სახელმწიფოში, ან კარგი არის ამერიკაში და რატომ არ ვარგა ჩვენთან. ამას ვითხოვთ, მეტს არაფერს. ვფიქრობ, პრეზიდენტმა არგუმენტირებული ვეტო ვერ მოგვცა და თქვა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეო.

თუ ვენეციის კომისიას ექნება ისეთი არგუმენტირებული დასკვნა, რაც არგუმენტების დონეზე დაანახებს კანონმდებლებს, რომ ამის გათვალისწინება შეიძლება, გავითვალისწინებთ, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ არგუმენტაციის ან პროფესიულ დონეზე არაფერი ხდება ისეთი, რაც ნორმალური დემოკრატიის ქვეყნების პრაქტიკაში არ ხდება, ვეტოს დაძლევაზე ვიმუშავებთ”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.