კობა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს:
"თანდათან საშიში ხდება ეს ყველაფერი ჩემმა მეგობრებმა იცით, როგორი ფანი ვარ "სუხიშვილების".
ასევე გემახსოვრებათ, რომ ოკუპანტ ქვეყანაში საგასტროლოდ სიარულიც არ მიმაჩნია სწორად, როგორც არ უნდა შეიფუთოს ეს.
თუმცა რეალობასაც ანგარიშს ვუწევ და რადიკალიზმს ვერიდები ამ მიმართებით.
დღეს მთავარ კედელზე წავაწყდი ამ განცხადებას:
“მე, ნინო სუხიშვილი, ეროვნებით ქართველი, სასტიკი წინააღმდეგი ვარ რუსი ეროვნების ადამიანის საქართველოში ლტოლვილად მიღების და, საერთოდ, მათ მიერ ჩემი ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის, თუნდაც ტურისტის სტატუსით!
არ ვარ რუსოფობი!
არ ვარ კაცთმოძულე!
მესმის, რომ მორიგი რუსი პუტინი არ არის, მაგრამ მე მათ არ ვენდობი და ეს ჩემი უფლება და თავისუფლებაა, რადგან მე მიყვარს ჩემი სამშობლო!"
კი ბატონო,
მაგრამ 2013ში ეს განცხადებაც მას ეკუთვნის:
"სუხიშვილები" 1-ელ აპრილს სანკტ-პეტერბურგში კონცერტს გამართავენ, - ამის შესახებ " ნაციონალური ბალეტის", "სუხიშვილების" გენერალურმა დირექტორმა ნინო სუხიშვილმა კულტურის სამინისტროში, ანსამბლის თვენახევრიანი გასტროლების შეჯამებისას განაცახადა.
"სანკტ-პეტერბურგში იქნება ერთი კონცერტი, რომელიც მიეძღვნება ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას".
ისე, სხვათა შორის, რუსეთს ორი საუკუნე ჰქონდა საქართველო დაპყრობილი.
სისხლიც ბევრი დაღვარა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ანსამბლი დაარსდა, სულ თვალმარგალიტი ხალხი გაწყვიტა, მაგრამ სუხიშვილები დღიდან ამ დაარსებისა სულ მოსკოვში დადიოდნენ.
თუ ის შორეულ წარსულში იყო, სოხუმისა და ცხინვალის ოკუპაცია აგერ ახლახანს მოხდა და აგვისტოს ომი სულ ახლახანს იყო.
ჰოდა რა გამოდის? რა და ის, რომ ჩვენი სისხლი უკრაინულზე ბევრად იაფია.
ან, უბრალოდ, რაკი უკრაინის ომი უფრო მასშტაბურია, რეზონანსში ახლაღა მოვედით?
ესეც გასაგებია. ადამიანებზე ძალიან მოქმედებს პროპაგანდის სიმკვრივე.
ჰოდა, სწორედ ამიტომ ვწერ ამას.
მე ვთვლი, რომ შეუფასებელია ამ ანსამბლის წვლილი ჩვენი ერის წინაშე და ეს დღესაც გრძელდება, რადგან დიდი ილიკოსა და ნინოს შვილიშვილები ღირსეულად აგრძელებენ ამ საქმეს და სრულად ახალ საფეხურზეც აჰყავთ ჩემი აზრით.
შესაბამისად ამ პოსტში არც სარკაზმია, არც საყვედური.
უბრალოდ, გამახსენდა რა საბაბით შემოვიდა აქ მე-11 არმია. შულავერის კომიტეტმა შესტირა რუსებს - გვჩაგრავენ ჩვენ აქო.
ჰოდა ახლა ამ ანტირუსული ისტერიის გაღვივება ვისთვისაა სასარგებლო?
ცხადია ანტიკრემლური პოლიტიკა უნდა გვქონდეს მანამ, სანამ აქედან არ წაეთრევიან ოკუპანტები, მაგრამ...
სიტუაცია ცუდად იძაბება და ჩემი აზრით გონიერმა ადამიანებმა არ უნდა გააქეზონ ხალხი, რადგან თუ ამ შეხლა-შემოხლაში რუსები დაიხოცებიან, მორალს და ღირსებას რო თავი დავანებოთ, და თუ რუსი ტურისტები გაიქცევიან, ის ქართველები, რომელთაც ტურიზმით უდგათ სული, დაერევიან ამ მეორე მხარეს და ადვილი მისახვედრია, ვინ გაილახება.
გარდა ამისა, კრემლს იქ მძევლად მილიონამდე ქართველი ჰყავს.
ამაზე შესაძლოა ვინმე გამიანჩხლდეს და თქვას - იქ რატომ არიანო.
კი ბატონო, თუ თავად არ მოდიან, ნაწილს იქ დახოცავენ და ნაწილს თავად კრემლი მოგვაყენებს საზღვართან.
მერე რას ვშვრებით? იქიდან დაბრუნებული ყველა ილია და ვაჟა ხომ არ იქნება? გვარად შეიძლება ქართველი იყოს, მაგრამ რუსოფილი. ამდენ სულს რა დეტექტორით შეამოწმებ?
ამდენად, ჩვენ გვექნება ორი ვარიანტი
- საზღვარზე ცეცხლი გავუხსნათ და დავხოცოთ.
- შემოვუშვათ და უახლოეს არჩევნებში პროპუტინული მთავრობა გვეყოლება.
აი ასე ხდება, როცა ემოციით ირჯები.
ჰოდა, მეც ბევრ რამეზე მეშლება ნერვები, მაგრამ მდუღარე ტვინი არის ყველაზე უგვანი მრჩეველი.
იქნებ ვინმეს ისიც ჰგონია, რომ მედვედევს საიტი გაუტეხეს და სხვამ დაწერა მისი სახელით - ყაზახეთი და საქართველო უნდა შემოვიერთოთო?
იმასაც ამბობენ - მთვრალმა წამოროშა და წაშალესო.
ჩემი აზრით მისი კომპიდან ქსელამდე აუცილებლად ზის ცენზორი, რადგან მართლა რო წამოროშოს რამე, ამას შესაძლოა დიდი ომი მოჰყვეს.
შესაბამისად, ჩემი აზრით ამ უცნაური ფორმით მათ ჩვენ შეგვაშინეს. შიშიც ემოციური აზრების გენერატორია და ასევე ცუდი მრჩეველი.
მოკლედ, ყველას ჩვენი ტვინის ადუღება უნდა და ჯერჯერობით ეს იოლად გამოსდით.
მეტი სიფრთხილე გვმართებს”.