რეალურად, არც საარჩევნო ბარიერს, არც სააკაშვილის თემას და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ 12 პუნქტთან , - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "მოქალაქეების“ და „გირჩის“ ერთობლივ განცხადებას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.
ირაკლი კობახიძის თქმით, წერილის შინაარსი გაუგებარია.
“რეალურად, არც საარჩევნო ბარიერს, არც სააკაშვილის თემას და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ 12 პუნქტთან, რომელიც მოცემულია ევროკომისიის დასკვნაში, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია ამ წერილის შინაარსი. ჩვენ ყველა იმ თემასთან დაკავშირებით გვაქვს მსჯელობა, რაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გავაგრძელებთ ამ დღის წესრიგით მოქმედებას“,- განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" ლიდერი ასევე გამოეხმაურა 48 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ „ქართული ოცნებისთვის" ერთობლივი განცხადებით მიმართვას, რომ მთავრობამ უნდა შეწყვიტოს აშშ-ს და ევროკავშირის წინააღმდეგ „ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია“ და აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს მარტივი კითხვები გარკვეულ თემებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად არალერევანტულია.
„საზოგადოებას ახსოვს, რომ ერთადერთი, ვინც თავს ესხმოდა ამერიკის ელჩს, ევროკავშირის ელჩს იყო „ნაციონალური მოძრაობა“. გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები ნიკანორ მელიას და ნიკა გვარამიას შესრულებით, ეს იყო ნამდვილი თავდასხმა, როდესაც პირდაპირ ლანძღავდნენ დიპლომატებს, რომლებიც მუშაობდნენ საქართველოში. ჩვენს შემთხვევაში არის მარტივი რამ, კითხვებია დასმული გარკვეულ თემებთან დაკავშირებით და ეს არის ის კითხვები რასთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოების ინტერესი. კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად არის აბსოლუტურად არარელევანტული და ეს მათ ძალიან კარგად იციან. მათი ეს კამპანია განწირულია სრული წარუმატებლობისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შესაძლებელია სამუშაო პროცესში ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, კობახიძემ აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ არიან ჩართულლები დღის წესრიგში რადიკალური დღის წესრიგის მქონე პოლიტიკური პარტიები არიან.
ამავე კონტექსტში კობახიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობას“, „ლელოს“ და „სტრატეგია არმაშენებელს“ სურთ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე ახორციელებენ პროცესის საბოტაჟს.
„ეს იმ პარტიების საქმეა, რომლებიც არ ერთვებიან სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესში. არის 4 პოლიტიკური პარტია, რომელიც წარმოდგენილია ამ პროცესში დანარჩენები არ არიან წარმოდგენილი, ესენი არიან რადიკალური დღის წესრიგის მქონე პოლიტიკური პარტიები, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ , გიორგი ვაშაძის პარტია. მათ აქვთ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი, პოლარიზაციის დღის წესრიგი, რაც პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში იმ 12 პუნქტთან, რომელიც არის გაწერილი ევროკომისიის მიერ. ეს არის მათი არჩევანი, მათი ანტიევროპული არჩევანი. ყველამ იცის, რომ ისინი დაინტერესებულები არიან საქართველოს წარუმატებლობით. მათ სურთ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე ახორციელებენ პროცესის საბოტაჟს, თუმცა ეს საბოტაჟიც საბოლოო ჯამში იქნება წარუმატებლობისთვის განწირული“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, "მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მიიჩნევენ, რომ დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.
დღესვე ასევე გავრცელდა 48 ოპოზიციონერი დეპუტატის ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ემიჯნებიან და გმობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას“ დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ.