დღეს ჩემთვის ნათელი ხდება, რატომ მოხვდა სააკაშვილი საქართველოში - არეულობა უნდა მოეწყო, ხელისუფლებაში მოსულიყო და თავისუფლად გამოაცხადებდა მეორე ფრონტს რუსეთისთვის,- ამის შესახებ მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ჭიქაშვილმა გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.
„თუ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი იყო, რატომ გაიყინა მისი აქტივები მაინცდამაინც მაშინ, როცა არ გამოსდით ის, რაც მიშას, „ნაცებს“, არახამიას უნდა გაეკეთებინათ? ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვხედავთ გაყინულ აქტივებს და ახლა ვიგებთ, რომ მართლაც ხვდება კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს. მას ჰკითხეს, შეხვდა თუ არა 24 თებერვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს, მან პასუხს ოსტატურად აარიდა თავი და ახლა ირკვევა, რომ 21 მარტს შეხვდნენ. აშშ-ის ელჩის მხრიდან ტყუილს ვხედავ, ხომ მაქვს უფლება, არ დავუჯერო? მიჩნდება კითხვები: რატომ ხდება დღევანდელ ხელისუფლებაზე ზეწოლა? რა ფორმით უნდათ ქართული საზოგადოების რუსეთის წინააღმდეგ, გლობალურ პოლიტიკაში ჩათრევა? დღეს, როდესაც მსოფლიოში უკიდურესად დაძაბული სიტუაციაა და საფრთხე ძალიან ბევრია, ჩვენ რატომ გვიბიძგებენ? მე ხომ მაქვს უფლება ვიფიქრო, რომ კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის რაღაც საუბარი ხომ არ იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილს სთხოვეს პოლიტიკაში დაბრუნება და ომში ჩართვა“, - განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.