ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ აშშ-სგან რაიმე ზედმეტს არ ვითხოვთ, ვითხოვთ ერთ რამეს - ვიყოთ გულწრფელნი ურთიერთობაში და გათვალისწინებული იყოს ჩვენი პატარა ქვეყნის მძიმე გეოპოლიტიკური ვითარება და ოკუპაცია

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ აშშ-სგან რაიმე ზედმეტს არ ვითხოვთ, ვითხოვთ ერთ რამეს - ვიყოთ გულწრფელნი ურთიერთობაში და გათვალისწინებული იყოს ჩვენი პატარა ქვეყნის მძიმე გეოპოლიტიკური ვითარება და ოკუპაცია

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა დაზიანდეს ის გენერალური ხაზი, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია - აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა და ევროკავშირისკენ მისწრაფება. ეს არის ის, რაც არ შეიძლება, სასწორზე დაიდოს“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო სტრატეგიული პარტნიორისგან არაფერს ისეთს არ ითხოვს, რაც მოცემულობას არ შეესაბამება. როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა ურთიერთობაში გულწრფელობა და ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებაა.

„ძირითადი, რასაც საქართველო, საქართველოს ხელისუფლება ითხოვს, არის ის, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ღია, გამჭვირვალე, პარტნიორული. ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა მცირე შესაძლებლობებით და აშშ- გლობალური მოთამაშე. ამიტომ, ამ პარტნიორობაში, ჩვენ არ ვითხოვთ რაღაც ზედმეტს ან რაიმეს ისეთს, რაც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის პოტენციალს, მაგრამ ვითხოვთ ერთ რამეს, რომ ვიყოთ გულწრფელნი ამ ურთიერთობაში და გათვალისწინებული იყოს როგორც ჩვენი პატარა ქვეყნის ის მძიმე გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც ჩვენ ვართ, და ოკუპაცია. ჩვენი მხრიდანაც, იქნება იმ ვალდებულებების ერთგულება იქნება, რომლებიც ჩვენ ამ ურთიერთობაში გვაკისრია. სწორედ ეს არის ის, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან საქართველოს ომში ჩართვაზე, შანტაჟზე ან მოქმედებაზე, რომელიც უკავშირდება მისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას, საუბარი არ ყოფილა. დიპლომატმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩის თხოვნით, მას 21 მარტს მართლაც შეხვდა.