ირაკლი ქადაგიშვილი დეგნანისა და ივანიშვილის შეხვედრაზე: ბოლომდე არ გაშიფრულა რაზე იყო საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, ამ სიტუაციის გახსნამ თავისი დადებითი როლი უკვე შეასრულა - ვითარების გასაჯაროებამ დაძაბულობის ფონი მოხსნა

ირაკლი ქადაგიშვილი დეგნანისა და ივანიშვილის შეხვედრაზე: ბოლომდე არ გაშიფრულა რაზე იყო საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, ამ სიტუაციის გახსნამ თავისი დადებითი როლი უკვე შეასრულა - ვითარების გასაჯაროებამ დაძაბულობის ფონი მოხსნა

არცერთი მხრიდან შეხვედრის ზუსტი შინაარსი არ თქმულა და ბოლომდე არ გაშიფრულა, თუ რაზე იყო საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციის გახსნამ თავისი დადებითი როლი უკვე შეასრულა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ვითარების გასაჯაროებამ დაძაბულობის ფონი მოხსნა.

„ჩვენ ვხედავდით, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს გარშემო მოულოდნელად დაიწყო სიტუაციის დაძაბვა. ვხედავდით, რომ საქართველოზე ორკესტრირებული შეტევა განხორციელდა: მოხალისეთა გაგზავნის, ომში ჩართვისა და პირდაპირი სანქციების დაწესების კუთხითაც. ამით, ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა აქტიურად სარგებლობდა რადიკალური ოპოზიცია ე.წ. ენჯეოებთან ერთად, რომლებიც პირდაპირი ტექსტებით სხვადასხვა ბრალდებას უყენებდა საქართველოს.

ჩვენ ასევე ვნახეთ ყოველგვარ რეალობას მოწყვეტილი და ევროპული პოლიტიკის კონტექსტიდან ამოგლეჯილი რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ჩვენ ვნახეთ საკმაოდ გაუგებარი გადაწყვეტილება ევროკავშირისა, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს ანიჭებენ და საქართველოს, იმის გამო რომ ოპოზიცია ჩვენთან რადიკალურია და დიალოგი მასთან შეუძლებელია, რადგან რევოლუციური სცენარია მათი პოლიტიკური დღის წესრიგი და ეს პოლიტიკური რადიკალიზაცია აღმოჩნდა მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე ვითარებას ბადებდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.