პაატა მანჯგალაძე:  არავინაა მანდატზე დახამებული, თუ იქნება ეს ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ ამ ხალხისგან არ მომისმენია - მანდატს ვტოვებთ და შემდეგ რა ხდება?

პაატა მანჯგალაძე: არავინაა მანდატზე დახამებული, თუ იქნება ეს ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ ამ ხალხისგან არ მომისმენია - მანდატს ვტოვებთ და შემდეგ რა ხდება?

არავინ არ არის მანდატზე დახამებული - თუ იქნება ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ამ საკითხს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ, პარლამენტის ბოიკოტზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, პარლამენტის მანდატზე ძლიერი იარაღი ხელისუფლების შესაცვლელად არ არსებობს.

„დასანანი იქნება თუ პარლამენტის წევრებს მეტი გზა არ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ დავთმოთ მანდატები. მე არ მგონია, რომ ეს არის ძლიერი სტრატეგია, ეს არის სუსტი სტრატეგია. მანდატზე ძლიერი იარაღი ხელისუფლების შესაცვლელად არ მეგულება, მე მგონია, რომ ეს არის სუსტის პოზიცია. არავინ არ არის მანდატზე დახამებული თუ იქნება ეს ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ ამ ხალხისგან არ მომისმენია შემდეგ რა ხდება - მანდატს ვტოვებთ და შემდეგ რა ხდება? ქუჩაში აზვირთებულია ხალხი და ვცვლით ხელისუფლებას, თუ ბიძინა ივანიშვილს ვუქმნით ახალ კომფორტის ზონას?“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ შვეიცარიული ბანკის პოლიტიკურ ზეწოლაში დადანაშაულებას და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ „კაგებეშნიკური“ ნარატივი სრული სისულელეა და ამით ისინი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობენ.

„ქართული ოცნება" ძალიან დამძიმდა, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ახლა მოიფიქრეს ძველი „კაგებეშნიკური" ნარატივი, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს ფულს არ აძლევენ იმის გამო, რომ მას სთხოვენ ომის დაწყებას. ნეიტრალური შვეიცარია ბიძინა ივანიშვილს ფულს არ აძლევს თურმე იმიტომ, რომ უნდათ მეორე ფრონტი გავხსნათ საქართველოში - ასეთ სისულელეს ტირაჟირებს "ქართული ოცნება". რისთვის? მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ დააშინოს ადამიანები და შეინარჩუნოს ძალაუფლება. "ქართულ ოცნებას" გარდა იმ ე.წ საინფორმაციო დამამშვიდებელი აბებისა, რომელსაც ყოველდღიურად უწერს მოსახლეობას ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, არაფერი არ აქვს ხალხისთვის, რომ თავი მოიწონოს, გარდა ამ "საინფორმაციო დამამშვიდებელი აბების", რომლის ტირაჟირებას ყოველდღიურად ახდენს "ქართული ოცნების" პროპაგანდა", - განაცხადა მანჯგალაძემ.