მეუფე შიო: როგორიც არის ოჯახის მდგომარეობა, ისეთია ერის მდგომარეობაც - ხელყოფა ოჯახისა, ეს არის ხელყოფა და გადაშენება ერისა

მეუფე შიო: როგორიც არის ოჯახის მდგომარეობა, ისეთია ერის მდგომარეობაც - ხელყოფა ოჯახისა, ეს არის ხელყოფა და გადაშენება ერისა

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიწმინდე შევინარჩუნოთ, რადგან ხელყოფა ოჯახისა, ეს არის ხელყოფა და გადაშენება ერისა; როგორიც არის ოჯახის მდგომარეობა, ისეთია ერის მდგომარეობაც, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„გილოცავთ, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ამ შესანიშნავ დღესასწაულს, ბედნიერ დღეს. ძალიან ამაღლებული განწყობით ვართ ყველა. კიდევ ერთხელ ვფიქრობთ ოჯახის სიწმინდეზე, რომ ეს არის ღვთის მიერ მოცემული ნიჭი, ღვთისგან დადგენილი ცხოვრებისა და ყოფიერების წესი. ამიტომ ჩვენ, როგორც უკვე ვთქვით ქაშუეთის ტაძართან, როდესაც ვსაუბრობთ ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ღირებულება - ოჯახური ფასეულობა და ოჯახური ცხოვრება - ტრადიციულია არა იმ გაგებით, რომ ჩვენი წინაპრების მიერ შეთხზული და დადგენილია, არამედ ტრადიციულია იმ გაგებით, რომ ტრადიციის წყარო და საწყისი არის თავად ყოვლადწმინდა სამება.

აი, ამიტომ არის ეს ძვირფასი ჩვენთვის და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიწმინდე შევინარჩუნოთ, რადგან ხელყოფა ოჯახისა, ეს არის ხელყოფა და გადაშენება ერისა; როგორიც არის ოჯახის მდგომარეობა, ისეთია ერის მდგომარეობაც.

ამიტომ უფალმა ინებოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და მფარველობით, ჩვენს ერში ოჯახის აღორძინება და გადარჩენა, ჩვენი ერი გამთლიანება და გადარჩენა, ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

დღეს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე აღინიშნება.