ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება „შავი ხვრელი

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება „შავი ხვრელი", ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისტორიის ნათელ მხარეს

საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება „შავი ხვრელი", ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისტორიის ნათელ მხარეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ ამ ვითარებაში რუსეთისთვის სანქციების თავის ასარიდებლად "შავი ხვრელის" ადგილად არ გადაიქცეს.

ქადაგიშვილმა გაიხსენა ამ მიმართულებით ოპოზიციის ბრალდებები და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან ის ქვეყანას დააზიანებს.

„ზოგადად იყო საუბარი, არსებობს თუ არა საფრთხეები, რომ რუსეთმა საქართველო გამოიყენოს, მისი ღია ეკონომიკა სანქციების არიდების გზად. ელჩმა აღნიშნა, ამის იმედი აქვს, რომ ეს არ მოხდება და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა ამ კუთხით ჩვენს ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება "შავი ხვრელი", ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისტორიის ნათელ მხარეს. რაც არ უნდა გვაბრალოს შიდა ოპოზიციამ "შავი ხვრელების" ძებნა პუტინისთვის იარაღების მისაწოდებლად, რომ მერე უკრაინელები დავბომბოთ, მგონი ამ აბსურდზე საუბარი სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ქართულ მედიასივრცეშიც და საზოგადოებაშიც, რადგან ეს დამაზიანებელია მთლიანად ქვეყნისთვის.

ძირითადი არის საბანკო ოპერაციები, რითაც ხდება ხოლმე სანქციების არიდება, ტვირთების გადაადგილება ვერ მოხდება, ეს გაცილებით რთული საკითხია კონტრაბანდის გატარება, როგორც კი სანქციების საკითხი დადგა, მაშინვე "ვითიბი ჯორჯიას" ფაქტობრივად დახურვა მოხდა და ყველა იურიდიული და კერძო პირი სხვადასხვა საბანკო სისტემაში გადანაწილდა. ეს არის ერთი მაგალითი, რაზეც საქართველომ გააკეთა რეაგირება,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.