ეს არის ძალიან არაევროპული და არადემოკრატიული თვალთახედვა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას ვინმე განიხილავს დასჯად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის წინააღმდეგ “ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებულ სამართლებრივ დავაზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „სასამართლოსთვის მიმართვა არის ყველაზე ევროპული და ყველაზე ცივილიზებული გზა. სხვა გზა იქნებოდა პოლიტიკური შეტევის მიტანა კონსტიტუციურ ორგანოებს შორის“.
„მთავრობას კომპეტენციის შემოწმება, დავის წამოწყება გადაწყვეტილი აქვს ელჩების დანიშვნის საკითხზე. კომპეტენციების შესახებ დავა ეს ნორმალურია, თუმცა, საქართველოსთვის მთლად ნორმალური არ არის, რადგან აქამდე არასდროს წარმოებულა. აქედან გამომდინარე, გასაგებია კიდეც ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. 1995 წლიდან მოყოლებული, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა, არასდროს წარმოებულა დავა კომპეტენციების შესახებ, თუმცა გასაკვირია, რომ ამას მხოლოდ პოლიტიკური კუთხით უყურებენ ის ორგანიზაციები თუ ექსპერტები, რომელთათვისაც ეს საექსპერტო სფეროა და მნიშვნელოვანი და საინტერესოც უნდა იყოს.
საია-ს განცხადება ვნახე, რომელიც აბსოლუტურად დაცლილი იყო სამართლებრივი შეფასებისგან. ეს იყო სრულად პოლიტიკური განცხადება. საია-ს ათეულობით განცხადება ექნება შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, მაშინ რას შვრებოდნენ ისინი, დევნიდნენ ვინმეს? ვინმეს სჯიდნენ ამის გამო? საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას ვინმე და განსაკუთრებით ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, ამ საკითხს თუ დასჯად განიხილავენ, ეს არის ყველაზე არაევროპული მიდგომა და არასამართლიანი. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა არის ყველაზე სწორი გზა. აბა, რა არის გამოსავალი? ჩვენ მოვისმინეთ მთავრობისგან, რომ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეუთანხმებლობაა, მთავრობა ითხოვს კონკრეტული დიპლომატების კონკრეტულ საელჩოებში დანიშვნას და პრეზიდენტი როგორც ჩანს, უარზეა. ვერ თანხმდებიან, ჩიხური მდგომარეობაა. გამოსავალს რას გვთავაზობენ? პოლიტიკური შეტევა უნდა იყოს? ყველაზე ცივილიზებული და ყველაზე დემოკრატიულია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ინტერესებშიც არის, რომ ეს საკითხი გაირკვეს.
„თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტს არ აქვს შინაარსობრივი განხილვის უფლებამოსილება კონსტიტუციის მიხედვით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა ასეთ დანიშვნებს ხელი უნდა მოაწეროს. რატომ მწყდება გული და რა არის ნიშანდობლივი, რომ საია-ს განცხადება აბსოლუტურად დაცლილი იყო სამართლებრივი შეფასებისგან და იყო პოლიტიკური? ჩემი აზრით, არ არის სწორი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს. სასამართლოსთვის მიმართვა არის ყველაზე ევროპული და ყველაზე ცივილიზებული გზა. სხვა გზა იქნებოდა პოლიტიკური შეტევის მიტანა კონსტიტუციურ ორგანოებს შორის. ათეულობით მიმართვაა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და რა გამოდის, რომ ვინმეს დევნიდნენ და სჯიდნენ? ეს ხომ არ არის სერიოზული?!“- განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რომ მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკას არა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის წამოწყება, არამედ ის გარემოება იწვევს, რომ „ქართულმა ოცნებამ" სასამართლოში წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტში პრეზიდენტის კრიტიკული მოხსენება მოისმინა, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას არ ახმოვანებდა, მაგრამ რადგან სალომე ზურაბიშვილმა თავად გაახმოვანა ეს საკითხი, ჩაითვალა, რომ საჭირო იყო ამაზე „ქართული ოცნების“ დამოკიდებულების დაფიქსირება.
პრეზიდენტმა თავად გააცხადა ის, რომ ის იმყოფებოდა საგარეო ვიზიტში ისე, რომ მთავრობისგან მას თანხმობა არ ჰქონდა, უფრო სწორად უარი ჰქონდა ამაზე. მთავრობა ამას არ ახმოვანებდა, მაგრამ რახან პრეზიდენტმა თავად გაახმოვანა ეს საკითხი, ჩავთვალეთ საჭიროდ ამაზე კომენტარის გაკეთება და ჩვენი დამოკიდებულების და შეფასების დაფიქსირება ამ კუთხით“, - განცხადა შალვა პაპუაშვილმა.