დღეს, ლიბერთი ბანკსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის მორიგი მემორანდუმი გაფორმდა.
ლიბერთი კვლავ რჩება ზრუნვის სააგენტოს გამორჩეულ პარტნიორად და აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, წლების წინ დაწყებულ საქმეს - ქვეყნის მასშტაბით არსებული, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალური ხარჯების სრულ ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში.
ლიბერთი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო ტიპის 46 სახლისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო 6 თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აფინანსებს, რაც მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს.
2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 298 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 70 შშმ ბავშვი. ბოლო მონაცემებით, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის დღის ცენტრის და სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლა 261 ბენეფიციარმა. აქედან დღის ცენტრით - 171, სადღეღამისო თავშესაფრით - 90 პირმა.
„ჩვენი გუნდი, ახლა უკვე „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, განაგრძობს ადამიანებზე ზრუნვას.
ნებისმიერი სახის თანადგომა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით იმ ბავშვებისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ლიბერთის ახალი გუნდის მიზანია, გავაუმჯობესოთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ საოჯახო სახლებსა და თავშესაფრებში მცხოვრები ადამიანებისთვის შესაფერისი პირობების შექმნას."-განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თეა ლეშკაშელმა.
„ამ მასშტაბის კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო უწყების მხარდაჭერა და გვერდში დგომა უპრეცედენტოა, მით უფრო როცა ზრუნვის სააგენტოსთან პარტნიორული თანამშრომლობა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების საცხოვრებელი საოჯახო ტიპის სახლებისა და თავშესაფრების ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასა და კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას სრულად ფარავს ლიბერთი ბანკი.
ლიბერთიმ დაამტკიცა, რომ აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების განვითარებაში, არის მხარდაჭერის ინიციატორი და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, რისთვისაც ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით",- აღნიშნა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.