კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს პარალმენტში 2019-2020 წლების ანგარიშის წარდგენისას, მედიაკრიტიკის პლატფორმასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს უპასუხა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მედიაკრიტიკა აკრიტიკებს ყველას ვინც არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტს და ე.წ ხელოვნური ბალანსის დაცვა არ არის მედიაკრიტიკის ამოცანა, მისი ამოცანაა საზოგადოებას შესთავაზოს კვალიფიციური , პროფესიული მედიაკრიტიკა.
„ზედაპირულად თუ შევხედავთ, რომელი არხი რამდენჯერ არის გაკრიტიკებული, შესაძლოა დისბალანსი ნამდვილად დაინახოთ. კონკრეტულმა ერთმა ტელევიზიამ თუ დაარღვია პირობითად 100-ჯერ სტანდარტი და იმავე დროის შუალედში მეორე არხმა დაარღვია 10-ჯერ, ვინც 100-ჯერ დაარღვია, ის მეტჯერ იქნება კრიტიკის ობიექტი და ეს ძალიან ბუნებრივია. დამოუკიდებელი მედიაკრიტიკა რომ საჭიროა, ეს არ არის ჩვენი სუბიექტური აზრი, ამას ვებ-გვერდის მომხმარებლების რაოდენობა აჩვენებს. ერთ წელიწადში მედიაკრიტიკას 300 ათასი უნიკალური ვიზიტორი და მილიონი მკითხველი ჰყავდა. 2021 წელს ეს მონაცემები კიდევ გაზრდილია ბუნებრივია. რაც შეეხება მედიაკრიტიკის საშუალებით ცენზურაზე საუბარს, ეს რეალობას მოკლებულია ვინაიდან
მედიაკრიტიკას ცენზურის არც სურვილი და არც სამართლებრივი მექანიზმი არ გააჩნია, ცენზურაზე საუბარი გამორიცხულია, ვინაიდან ადგილი აქვს მხოლოდ მედიის პროფესიულ კრიტიკას“,- განაცხადა კახა ბექაურმა.
კომისიის თავმჯდომარემ, ასევე მედიაკადემიის დაფინანსებაზე და საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მედიაწიგნიერების და მედიაკადემიის ხარჯები ისეთივე გამჭვირვალეა, როგორიც კომუნიკაციების კომისიის.
„აიპი „მედიააკადემია“ არ ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და არ არის ადმინისტრაციული ორგანო. მასზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თუმცა, გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი მედიააკადემიამ დასაწყისშივე თავისი საქმიანობის პრინციპად აირჩია და ინფორმაციის კომუნიკაციების კომისიის სტანდარტით გასცემს“,- განაცხადა ბექაურმა.