დავით მარდალეიშვილი: ფრთხილად, ინიციატივებში, ქალბატონო სალომე!

დავით მარდალეიშვილი: ფრთხილად, ინიციატივებში, ქალბატონო სალომე!

იურისტი დავით მარდალეიშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

"ქალბატონო სალომე, პატივს გცემთ, როგორც ქალბატონს, მაგრამ არა როგორც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, რადგან "ქართული ოცნების" აბსოლუტური და 100-პროცენტიანი მხარდაჭერა რომ არა, დამარცხდებოდით, "ნაცების" ერთ-ერთ ყველაზე უსახო კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან.

ქალბატონო სალომე, ჩემთვის და ვფიქრობ, საქართველოს "არანაცი" მოსახლეობისთვის, აბსოლუტურად გაურკვეველია, თქვენი ინიციატივის არსი და მიზანი. დარწმუნებული ვარ, "ნაცები" მიშას განთავისუფლების გარეშე, არავითარ შეთანხმებაზე და შერიგებაზე წამოვლენ. მიშას განთავისუფლებაზე კი თქვენი აზრი ყველას კარგად გვახსოვს - "არა და არასდროს"! მაშ, რას ნიშნავს თქვენი ინიციატივა?! 

"ნაცების" მოთხოვნები მრავალფეროვანია: მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება, მინისტრთა კაბინეტის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და კიდევ წვრილ-წვრილი იდიოტობები.

ახლა, მაინტერესებს, რომელს თვლით მათი ამ მოთხოვნებიდან, დაკმაყოფილების ღირსად?! 
დაკმაყოფილების კი არა, განხილვის ღირსად და თუ არის შესაძლებელი, მათზე რაიმე კონსენსუსის მიღწევა?! 

არა მგონია, რეალურად ფიქრობდეთ ან მინისტრთა კაბინეტის გადადგომაზე, ან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. ამდენად, ლოგიკურად, თქვენი ინიციატივის და შერიგების საგანი მიხეილ სააკაშვილი და მისი განთავისუფლებაა. 

თქვენს განცხადებაში, სააკაშვილის შეწყალების შესახებ, ასეთი რამ თქვით: "ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო".

ასე მალე დაგავიწყდათ ქალბატონ ირინა ენუქიძის და სხვათა თვალები და შერიგების საგნად გვთავაზობთ ავაზაკის ციხიდან განთავისუფლებას?!

ქალბატონო სალომე, დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უპირველესი მოვალეობა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაა. ანუ, ის წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. ჰოდა, კეთილი ინებეთ და მიხედეთ ქალბატონ ამერიკის ელჩს, ისევე როგორც სხვა ელჩებს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც ერთმანეთს ასწრებენ არაკვალიფიციური და ქვეყნისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებაში. რაც შეეხება ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს, მათ მიხედავენ საქართველოს შინაგან საქმეთა, სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემები.

კიდევ ერთი რამ: ვთქვათ და დაიწყო შერიგების პროცესი. ვინ იქნება "ნაცების" ვიზავი?!

"ქართული ოცნების" ხელისუფლება, თუ საქართველოს პრეზიდენტი?! 

მაპატიეთ, მაგრამ ეს თემა არავის ეხება, ქართველი ხალხის გარდა: იმ 30000 პატიმრის გარდა, რომელიც ჯოჯოხეთში იხდიდა სასჯელს; სისტემის და კონკრეტული ჩინოვნიკების მიერ მოკლულთა ჭირისუფლების გარდა; დასახიჩრებულების და სამუდამოდ დაინვალიდებულების გარდა; ყველა ჭეშმარიტი ქართველის გარდა, ვისაც გული შესტკივა სამშობლოს მიწაზე, წყალზე და მათ გასხვისებაზე. 

ასე, რომ ფრთხილად, ინიციატივებში, ქალბატონო სალომე"!