იწვევს თუ არა აცრა უშვილობას და რა გავლენას ახდენს ვაქცინა რეპროდუქციულ სისტემაზე

იწვევს თუ არა აცრა უშვილობას და რა გავლენას ახდენს ვაქცინა რეპროდუქციულ სისტემაზე

მას შემდეგ, რაც მსოფლიო კოვიდპანდემიამ მოიცვა და საჭირო გახდა ვაქცინაცია, როგორც გადარჩენის ერთადერთი გზა, არაერთ მითსა თუ რეალობას ვისმენთ. უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ აცრა სხვადასხვა გზით აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. ერთ-ერთი ასეთია სწორედ კავშირი ვაქცინაციასა და უშვილობის პრობლემას შორის.

სოციალურ ქსელში კარგად ორგანიზებული ანტივაქსერული ჯგუფების მიერ გავრცელებული „ფეიკ ნიუსების“ გამო, ზოგიერთ ადამიანს ხშირად უჭირს მითის და რეალობის განსხვავება.

აღნიშნული ჯგუფები საზოგადოების შიშით კარგად მანიპულირებენ, ამტკიცებენ, რომ ვაქცინები რეპროდუქციულ სისტემას აზიანებს და უარყოფითად აისახება შვილოსნობაზე. თუმცა  არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვაქცინა გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე ანუ დაორსულების შესაძლებლობასა და ბავშვის გაჩენაზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები დღეს აცრას არ იკეთებენ, ის მითია, რომ ის უშვილობას იწვევს.
სპეციალისტების ინფორმაციით, რეპროდუქციულ ცვლასთან ვაქცინას არანაირი კავშირი არ აქვს და ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიღმაც   სერიოზული საფრთხე მოიაზრება.
ამიტომ,  ვიდრე სოციალურ ქსელში ტყუილსა და დეზინფორმაციაზე აგებულ ისტორიებს წავიკითხავთ და ანტივაქსერების მოსაზრებებს გავიზიარებთ, სჯობს, გავეცნოთ სანდო კვლევებს და მოვუსმინოთ სპეციალისტს.

მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო იმერლიშვილი ყველას, მათ შორის იმ წყვილებსაც, რომლებიც შვილის გაჩენას გეგმავენ, ურჩევს, პირველ რიგში, ჯერ აიცრან და შემდეგ ისე დაგეგმონ ორსულობა.
 
ნინო იმერლიშვილი: „ის, რომ, თითქოს, ვაქცინაცია იწვევს უშვილობას - მითია, რეალურად არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ჩატარდა, გამოქვეყნდა და ეფუძნება მტკიცებით მასალებს, ეს კი გვიჩვენებს, რომ Covid-19 -ის გადატანის შემდეგ, 3-6 თვის განმავლობაში, ცვლილებები გვხვდება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაში, რომელიც შექცევადია და კორეგირდება მკურნალობის ფონზე, თუმცა გარკვეული პერიოდი იწვევს ცვლილებას,ხოლო ვაქცინაციის შემთხვევაში მსგავსი ცვლილებები არ ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ვაქცინა არანაირი უშვილობის მიზეზი არ ხდება.

- ქალბატონო ნინო, აცრისგან თავი უნდა შეიკავოს თუ არა წყვილმა, რომელიც უშვილობის გამო მკურნალობს? 

- წყვილს, რომელიც გეგმავს ორსულობას, ვურჩევთ, რომ ჩაიტაროს ვაქცინაციის სრული კურსი ორსულობამდე. ეს არ უშლის ხელს, დაგეგმოს სასურველი ორსულობა როგორც ფიზიოლოგიური, ასევე დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენებით  (ინ ვიტრო პროცედურები).

- ვაქცინაციის შემდეგ, მათი მკურნალობის პროცესში, გარკვეული ცვლილებები ხომ არ შეგაქვთ?

 - ვაქცინაციის შემდეგ მკურნალობის პროტოკოლში რაიმე ცვლილება  არ შედის, ვაქცინაცია არ არის რაიმე საფრთხის შემცველი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას და მკურნალობის პროცესს გადიან.

- რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც აცრა უნდათ, მაგრამ ეშინიათ, რომ შვილი აღარ გაუჩნდებათ?

- წყვილებს ან, ზოგადად, პოპულაციას, ვისაც ვაქცინაციის შიში აქვს და ფიქრობს, რომ დღეს არსებული ვაქცინები მათ რეპროდუქციულ სისტემას დააზიანებს, მინდა ვუთხრა და დავამშვიდო

  • ბევრი კვლევის საფუძველზე, საბედნიეროდ, მსგავსი საფრთხე უბრალოდ არ არსებობს, პირიქით, ვაქცინაცია   საუკეთესო პრევენცია და  საშუალებაა Covid -19 პანდემიის დამარცხების პროცესში.