მთელ რიგ ქვეყნებში ახალი შტამით ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და საბედნიეროდ ჯერჯერობით რაღაც ისეთი ინფორმაცია მის უფრო რთულ მიმდინარეობაზე და გაზრდილ სიკვდილობაზე არ ვრცელდება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ახალ შტამს, „ომიკრონს“ გავრცელების სისწრაფე და ხარისხი მეტად მაღალი აქვს და ეს ყველა ახალ მუტაციას ახასიათებს - მის წინამორბედზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ექიმები (ვისაც უკვე გამოცდილება აქვს ამ პაციენტებთან) გვამშვიდებენ, რომ ამ ახალ შტამს უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობა და მაღალი ლეტალობა არ აქვს. გაჩნდა ის ვერსიაც, რომ ვინაიდან ეს შტამი ბევრად ეფექტურად ვრცელდება და მოსახლეობის დიდი ნაწილს მოიცავს, ჰოსპიტალიზაციის პროცესი არის დაბალი. მთელ რიგ ქვეყნებში ახალი შტამით ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და საბედნიეროდ ჯერჯერობით რაღაც ისეთი ინფორმაცია მის უფრო რთულ მიმდინარეობაზე და გაზრდილ სიკვდილობაზე არ ვრცელდება“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით საქართველოში ახალი შტამი „ომიკრონი“ არ დაფიქსირებულა.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.