საარქივო მასალის სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე დიდი ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემის მომზადება არის მემორანდუმის მიზანი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ცენტრის დირექტორმა ზაალ აბაშიძემ მოაწერეს.
ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებული პირველად გამოიცემა, რაც უმნიშვნელოვანესი, ეპოქალური მოვლენა იქნება ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების, ზოგადად, ქართული კულტურის და მეცნიერების ისტორიაში. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და თსუ მუზეუმის საცავებში დაცულია ივ. ჯავახიშვილის სამეცნიერო და ეპისტოლური მემკვიდრეობის უნიკალური ფონდები, რომელთა დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელია და, ამდენად, მათი გამოცემა მნიშვნელოვანია, რათა მეცნიერის ნაშრომები გახდეს ცნობილი ფართო აუდიტორიისათვის.
სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე იქნება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ჯგუფის მუშაობას. მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება ერთობლივი მუშაობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან აკადემიური გამოცემის მომზადებისათვის. „სარედაქციო კოლეგიის პირველ შეხვედრაზე იქნება მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა კონცეფციით წარიმართება გამოცემაზე მუშაობა. მრავალი ინსტიტუცია, კვლევითი დაწესებულება, ისტორიკოსი და ფილოლოგია ჩართული ამ დიდ საქმეში. პირველ ეტაპზე მოხდება სრული აღნუსხვა ივანე ჯავახიშვილის იმ მემკვიდრეობისა, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა ადგილას,“-განაცხადა რექტორმა.
„მოეწერა ხელი შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თსუ-სა და ხელნაწერთა ცენტრისათვის, არამედ სრულიად ქართული საზოგადოებისათვის. ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემის დაწყებას, რომელშიც შევა მეცნიერის თხზულებები არა მხოლოდ ისტორიის, ეკონომიკისა და სამართლის სფეროში არამედ მისი ეპისტოლური მემკვიდრეობაც,“-აღნიშნა ზაალ აბაშიძემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის აზრით, გამოცემა საშუალებას მისცემს ახალ თაობას კიდევ უფრო ახლოს და სრულყოფილად გაეცნონ ჯავახიშვილის შემოქმედებას. „ჩვენს ხელთაა არა მხოლოდ ისტორიული ნარკვევები, არამედ ეს გახლავთ სახელოვნებო, აგრონომიული, ბოტანიკური და მეცნიერების სხვადასხვა დარგის მიმართულებით ნაშრომები. ეს იქნება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა, რომელიც მისცემს ახლ თაობას საშუალებას ახლოს შეეხონ ჩვენი ისტორიის ფურცლებს,“-განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
აკადემიურ გამოცემაზე მუშაობა უახლოეს მომავალში აქტიურ ფაზაში შევა და ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესათვის უკვე გამოიცემა რამდენიმე ტომი.