რას ამბობს ბიზნესი „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებაზე? 

რას ამბობს ბიზნესი „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებაზე? 

1-ლი დეკემბრიდან ქვეყანაში „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება. უკვე ცნობილია ის ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს „მწვანე პასპორტს“ მოსთხოვენ, ეს ობიექტებია: კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცეები, რესტორნები, კინოთეატრები,  მუზეუმები, ოპერა, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სპა-ცენტრები, ფიტნესდარბაზები, სასტუმროები, სამთო კურორტების საბაგირო გზები.  

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით  „მწვანე პასპორტებს“ მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოსთხოვენ, დასაქმებულ პერსონალზე კი ეს მოთხოვნა ჯერჯერობით არ ვრცელდება.
 ბიზნესის წარმომადგენლები ამ სიახლისთვის უკვე  ემზადებიან.  ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ამ დღეებში  ბიზნესის წარმომადგენლებს  შეხვდება და  მათ რეგულაციის დეტალებს გააცნობენ.  

მაია მახათაძე, სასტუმრო „ ადამოს“ გენერალური მენეჯერი:

-  წესით,  ამ რეგულაციამ  პანდემიის დამარცხებაში დადებითი როლი უნდა შეასრულოს. უცხოელ  ვიზიტორებსაც ეცოდინებათ, რომ ქვეყანაში მსგავსი  რეგულაციები მოქმედებს, ჩათვლიან, რომ უსაფრთხო ქვეყანაში მოდიან და საზოგადოებრივი შეკრების ადგილებშიც  რეგულაციები  უფრო დაცული იქნება.  

ჩვენ დედაქალაქის სასტუმროში ისედაც გვყავს უცხოელი ტურისტები, რომლებიც „მწვანე პასპორტებით“ და  პისიარ ტესტებით შემოდიან ქვეყანაში და  ამ პროცესს ჩვენი საზღვარი არეგულირებს.  აქედან გამომდინარე, უცხოელი ტურისტების თვალსაზრისით, წესით, არანაირი შეფერხება არ უნდა გვქონდეს. 

პირადად მე რამდენიმე ბიზნესი მაქვს,  სასტუმრო „ადამოს“ გენერალური მენეჯერი და რესტორან „რობეროს“ გენერალური მენეჯერი ვარ. დღეს  ჩემი პერსონალის 99 პროცენტი აცრილია.   ვერც კონტროლის თვალსაზრისით ვხედავ ამაში რაიმე პრობლემას. 

 ქეთი მიქაშავიძეც  სასტუმროების ბიზნესშია ჩართული, ის  „ჰოლიდეი ინნ“-ის (თელავი) და „ბესტ  ვესთერნის“ (ქუთაისი)   მფლობელია. 

 ქეთი მიქაშავიძე: 

- ცალსახად დადებითად  ვუყურებთ „მწვანე პასპორტის“ თემას. დღეს უსაფრთხოება ერთ- ერთი განმაპირობებელია ტურიზმის განვითარებისთვის, ამიტომ ინიციატივა, რომ უსაფრთხო დაწესებულება ვიყოთ, ძალიან კარგი ინიციატივა იქნება. თუმცა ბევრი კითხვა გვაქვს, თუნდაც  იმასთან დაკავშირებით,  რომ არ არის მოთხოვნილი თანამშრომლების აცრა.  ეს რამდენად შეესაბამება უსაფრთხო ბიზნესის სტატუსს?

პირადად მე ვეთანხმები პერსონალის აცრას. ჩვენთან  თანამშრომლების უმეტესობა აცრილია. როგორც კი დაიწყო ვაქცინაცია, აიცრნენ. პერსონალის აცრა, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ჩვენი პოზიციონირებით  უსაფრთხო ტურისტული ადგილმდებარეობა დავიკავოთ. რაც უფრო უსაფრთხოა  გარემო, უკეთესია ტურისტისთვის. 

კიდევ ერთი საკითხი გვაინტერესებს -  რამდენად მარტივად იქნება ტურისტისთვის შესაძლებელი „მწვანე პასპორტის“ მიღება,  ან როცა ტურისტი თავისი ქვეყნის „მწვანე პასპორტით“  შემოდის, შევძლებთ თუ არა, რომ ის  თამამად მივიღოთ თავისი ქვეყნის გაცემული საბუთით? მე, როგორც ბიზნესს, შემეძლება მისი მიღება იმ პასპორტით? წესით,  ეს არ უნდა იყოს პრობლემა,  თუმცა არ ვიცი, ეს აისახა თუ არა რეგულაციის წესებში. როცა ტურისტს ექნება შეგრძნება, რომ  ეს ქვეყანა კოვიდუსაფრთხოა, ვფიქრობ, ესეც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ტურიზმს. 

რესტორან „კარაველაში“ კი გვითხრეს, რომ დაემორჩილებიან დაწესებულ რეგულაციებს, თუმცა  ხელისუფლებასთან კითხვებიც აქვთ. 

თეიმურაზ ღუდუნიძე, „კარაველას“ თანამშრომელი:

- ჩვენ ვიცავთ კანონით გათვალისწინებული რეგულაციის წესებს. ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ალბათ მოგვიწევს დამატებითი თანამშრომლის აყვანა, რომ რესტორანში შემომსვლელი ყველა პირი შევამოწმოთ. ეს გარკვეულ შეზღუდვას და დისკომფორტს ქმნის, მაგრამ იმის გამო, რომ ერთმანეთს უფრო მეტად დავიცავთ, შეიძლება გამართლებულიც იყოს, თუმცა  ცოტა არასასიამოვნო მომენტი იქნება, რეგულაციებს კი დავემორჩილებით. 

_ თქვენი თანამშრომლები აცრილები არიან?

_ გვყავს აცრილი  და ასევე - კოვიდგადატანილი თანამშრომლებიც. გამოდის, რომ თანამშრომლების 60 პროცენტს ჩვენთან კოვიდპასპორტი ექნება. 

იცით ყველამ, დღეს არსებობს შეზღუდვები, რომლებიც გულისხმობს ერთ მაგიდასთან 5 ადამიანის ყოფნას. თუ ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ეს შეზღუდვა შეიცვლება და არ იქნება აუცილებელი ერთ მაგიდასთან 5 ადამიანის დასმის მოთხოვნა, თუ მომცემენ იმის უფლებას, რომ უფრო მეტი ადამიანი დავსვა, მაშინ ეს ახალი რეგულაცია შეიძლება ბიზნესს უფრო წაადგეს, მაგრამ თუ რეგულაციები ისევ ძველებურად დარჩება და დამატებით „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება, ამან შეიძლება დაგვაზარალოს. ავხსნი, რატომ: ვისაც არ ექნება „მწვანე პასპორტი“, ის ვეღარ შემოვა რესტორანში. კლიენტი არ მეყოლება და ამ შემთხვევაში შეზღუდვა გამომდის. დღეს არსებული რეგულაციების გამო, ძირითადად, მოდიან მხოლოდ ოჯახის წევრები ან მხოლოდ მეგობრები. 

კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს, როცა ჩვენს შესამოწმებლად ზედამხედველობა შემოვა, როგორ მოხდება რესტორანში  სტუმრების შემოწმება - სათითაოდ მივლენ ყველა სტუმართან, რომლებიც მაგიდასთან სხედან და მოსთხოვენ „მწვანე პასპორტს“? ვფიქრობ, ეს უხერხული იქნება.

უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე ამბობს, რომ იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში ამდენი ადამიანი იღუპება, უხერხულობაზე საუბარი ზედმეტია:  

„იმ ვითარებაში, როცა ყოველდღიურად  82 ადამიანია  გარდაცვლილი,  ნაკლებად  მნიშვნელოვანია უხერხულობაზე საუბარი.  ყოველდღე ამდენი ადამიანი რომ იღუპება, სწორედ ეს ქმნის  უხერხულობას და არა ის, რომ შეამოწმო ადამიანი, რომელიც  რესტორანში ზის  და აქვს „მწვანე  სტატუსი“, იმიტომ რომ გარშემომყოფებისთვის იყოს უსაფრთხო. არა მგონია, შემოწმება პრობლემა იყოს“, - ამბობს გიორგი ღიბრაძე და იმასაც  დასძენს, რომ უწყებათშორისო კომისია განიხილავდა გარკვეული შეზღუდვების მოხსნას:

 „თავდაპირველად, როდესაც „მწვანე პასპორტის“ განხილვა დავიწყეთ, მაშინ ინფიცირების თვალსაზრისით აბსოლუტურად განსხვავებული ციფრები იყო. შესაბამისად, ცხადია, განიხილებოდა შეზღუდვების ლიბერალიზაცია, რომ „მწვანე სტატუსთან“ ერთად მიგვეყოლებინა გარკვეული შეღავათები, რომელთა  დაწესებასაც შევძლებდით  სხვადასხვა ობიექტის მიმართ. აქ არ იგულისხმება მხოლოდ  რესტორნები, თუნდაც იგივე  სპორტულ ღონისძიებაზე ვუშვებთ მხოლოდ მესამედს და შეგვეძლო დაგვეშვა სულაც ნახევარი,  იგივეს ვიტყოდი კინოთეატრებზე და ა.შ. 

არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები აკრძალვების სახით არ შემოგვეღო, იძულებულნი ვიყავით, წავსულიყავით ამ გზით, მაგრამ როგორც კი ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ცხადია, ამ მიმართულებითაც გარკვეული შეღავათები  გავრცელდება. თვითმიზანი არ არის, რომ ეს ყველაფერი ასე დარჩეს,  აღნიშნული ვითარება არის იმ ციფრებით გამოწვეული, რომლებსაც საკუთარი თვალით ვუყურებთ ყოველდღე, ინფიცირებულთა რაოდენობის,  კლინიკური დატვირთულობისა და გარდაცვალების მაჩვენებლით“,-  ამბობს გიორგი ღიბრაძე.

„ეს გაკეთდა იმისთვის, რომ  შევამციროთ კოვიდდაავადება“

მინისტრი ნათია თურნავა კი იმედოვნებს, რომ ამ რეგულაციის ამოქმედება ქვეყნისთვის კარგის მომტანი იქნება.  

„მწვანე პასპორტების“ შემოღება - საერთაშორისო პრაქტიკაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოს „მწვანე პასპორტი“ უკვე ცნო ევროკავშირმა.  ეს გაუმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს მობილობას, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლას. ისინი თავიანთი „მწვანე პასპორტებით“ უფრო მარტივად შევლენ სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი  როლი აკისრია„მწვანე პასპორტს“ ჩვენთან, საქართველოში. 

ეს გაკეთდა იმისთვის, რომ  შევამციროთ კოვიდდაავადება, შევამციროთ ეპიდემიის გავრცელება და  უფრო მეტი უსაფრთხოება მივანიჭოთ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას.  

ტექნიკურად ძალიან მარტივი პროცედურაა - ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა აპლიკაცია, რომლის მიხედვითაც მარტივად, ორი სმარტფონის კომბინაციით, შეიძლება გადამოწმება, ადამიანს აქვს თუ არა ე.წ. მწვანე სტატუსი, რაც, ასევე, ნიშნავს არა მხოლოდ აცრილ, სრულად ვაქცინირებულ ადამიანს, არამედ პირს, ვისაც აქვს გაკეთებული პისიარ ტესტი, ან  ვინც გადაიტანა კოვიდი. ანუ ყველაფერი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ესა თუ ის ადამიანი ან დამსვენებელი, რომელიც სტუმრობს ჩვენს ზამთრის კურორტებს, შედის რესტორანში, უსაფრთხოა გარშემომყოფებისთვის. 

ჩვენ გვესმის, რომ შეიძლება გარკვეული კითხვები ახლდეს  ტექნიკურ აღსრულებას და, აქედან გამომდინარე, ამ დღეებში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა ინდუსტრიასთან,  რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ მათთან საკითხი, როგორ იმუშავებს კოვიდპასპორტი. 

მეორე თემა, რაზედაც აქტიურად  ვსაუბრობთ - თუკი კარგად ამოქმედდა ეს მექანიზმი,  როდესაც მორიგი ტალღა გადაივლის, ჩვენ შევძლებთ, ასევე, საათების შეზღუდვის უფრო ლიბერალიზაციას რესტორნებისთვის. ეს არის სწორედ პოზიტივი ინდუსტრიისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ხსენებული მექანიზმი იმუშავებს ძალიან კარგად, ეფექტიანად. ტურისტულ ინდუსტრიაში მზადყოფნა არსებობს  და ჩვენ მათთან ერთად თანამშრომლობით შემოვიღებთ ამ აუცილებელ ატრიბუტს“, - ამბობს  ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.