თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ნაცმოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. თავისუფლების მოედანზე გამოჩდნენ პოლიტიკური ლიდერები. აქციაში მონაწილეობენ „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრებიც.
აქციის დაწყებამდე, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ფაქტი შეაფასეს. ოპოზიციის ლიდერები და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს იყო მოვლენების ყველაზე უარესი სცენარით განვითარება. ამიტომ აქციაზე ძირითად მოთხოვნად რჩება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში.
„კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა, ორი მიზეზის გამო. პირველი ისაა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს იმ სამედიცინო მომსახურებას, როგორიც სჭირდება ისეთ პაციენტს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი. და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომ პირდაპირ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ცდილობენ, რომ ჯოჯოხეთი მოუწყონ მიხეილ სააკაშვილს, რაცაა გლდანის ციხე და ამას გაეცემა სათანადო პასუხი,“- განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
დღეს 8 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.