შემოდგომის ლეგენდა 2021 - ფინალური ტური

შემოდგომის ლეგენდა 2021 - ფინალური ტური

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პროექტის „შემოდგომის ლეგენდა  2021“ იმპროვიზაციულ ტურს წელს ბაკურიანმა უმასპინძლა.  თემაზე - „ჯიბეში ნაპოვნი ნივთ(ებ)ი“ კონკურსის მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ახალ ნაშრომებს ბაკურიანში, Rooms Hotel Kokhta -ს სასტუმროში ქმნიდნენ. 

სტუდენტური კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აჭარა ჯგუფის, კერძოდ მისი ერთ-ერთი ბრენდის - რუმს კოხტას ერთობლივი ორგანიზებით იმართება და 2009 წლიდან მოყოლებული მე-13-ჯერ ტარდება. კონკურსის ორგანიზატორებმა ფინალისტებსა და ჟიურის წევრებს სამი დაუვიწყარი დღე შესთავაზეს, რომელიც გაჯერებული იყო ბუნებით, სიმშვიდით, ლიტერატურაზე საუბრებითა და ახალი იდეებით. 

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და პროფესიული პროგრამების სტუდენტებმა მიიღეს. წელს პროექტში 550-მდე ნაშრომი იყო წარმოდგენილი. „უპრეცედენტო რაოდენობის განაცხადი შემოვიდა კონკურსზე როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლებიდან. ფინალისტებს მიეცათ დავალება საინტერესო თემაზე - „ჯიბეში აღმოჩენილი ნივთი ან ნივთები. გამარჯვებული აქ უკვე ყველა ფინალისტია. მთავარი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა. მისასალმებელია, რომ ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება ლიტერატურით და მწერლობით“, - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ნინო წიწავა „შემოდგომის ლეგენდით“ დიდი ხანია დაინტერესდა და ფინალში მოხვედრა მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. „ეს არის პროექტი, რომლითაც დაინტერესებული ვიყავი რამდენიმე წელიწადი. საინტერესოა იმიტომ, რომ ძალიან გემოვნებიანი ჟიური აფასებს ნამუშევრებს და შესაბამისად, აქ მოხვედრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გააკეთოს ლიტერატურის მოყვარულმა ახალგაზრდამ და მომავალმა მწერალმა,“ - განაცხადა მან. ნინო წიწავა ახალ ნაშრომში მნიშვნელოვანი მესიჯის ჩადებას ფიქრობს, რომელიც სასიკეთო გავლენას მოახდენს მკითხველზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკა ტყეშელაშვილი “შემოდგომის ლეგენდაში“ პირველად არ მონაწილეობს: „უკვე მეორედ ვარ შემოდგომის ლეგენდის ფინალისტი. წინა წელს პროექტმა გაამართლა ჩემი იმედები, სასიამოვნო იყო კარგ გარემოში წერა და შემოქმედებითი ნიჭისთვის უფრო ფართო გზის მიცემა. ვფიქრობ, კარგი შესაძლებლობაა გამოაჩინო თავი და თქვა შენი სათქმელი, რასაც ამდენ ხანს ფიქრობ და გინდოდა გეთქვა“.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ტრადიციულად ორ ეტაპად იმართება. პირველ ტურში სტუდენტები კონკურსის აპლიკაციას ავსებენ და ნებისმიერი სახის პროზაულ ნაშრომს აგზავნიან (თემა და ჟანრი შეუზღუდავია); შემოსული ნაშრომებიდან, შიდა შესარჩევმა ჟიურიმ, რომელიც გასული წლების გამარჯვებულების ბექა ადამაშვილის, სალომე მხეიძის და ლიტერატურული ჟიურის წევრის სალომე ბენიძისგან შედგება, გამოავლინა 10 ფინალისტი, რომლებმაც იმპროვიზაციულ ტურში ახალი ნაშრომები შექმნეს. 

ფინალური ტურის შემდეგ გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით და პარტნიორის სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

გამარჯვებულებს ლიტერატურული ჟიური დაასახელებს, რომელიც სამი მუდმივი წევრისგან - დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, მოწვეული ორი ახალი წევრისგან - ალექსანდრე ლორთქიფანიძე და გურამ ღონღაძე, ასევე გასული წლის გამარჯვებულის გოდერძი გორგილაძისგან შედგება. ყოველწლიურად კონკურსის ჟიურიში ქართველი მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, პუბლიცისტები, მთარგმნელები და კრიტიკოსები ერთიანდებიან. 
როგორც მწერალმა მაკა ლდოკონენმა აღნიშნა, წლევანდელი თემა ძალიან ფართო შესაძლებლობებს აძლევს კონკურსანტებს მოიფიქრონ საინტერესო სიუჟეტები და შექმნან თავიანთი ნაწარმოები. „კონკურსი პანდემიის პირობებშიც ტარდება. ესაა ლიტერატურული კონკურსი, რომელიც, მიუხედავად რთული გარემოებებისა, მაინც გრძელდება და იმ სტუდენტებს, რომლებსაც აკლიათ დღეს მსგავსი ღონისძიებები, უნიკალურ შანსს სთავაზობს“,-განაცხადა მაკა ლდოკონენმა.

ჟიური გამარჯვებულებს უახლოეს პერიოდში გამოავლენს. კონკურსის დამთავრების შემდეგ ყველა ფინალისტის ნაშრომი ერთ კრებულში მოიყრის თავს, რომელსაც ქართველი მკითხველი გაეცნობა.

ლიტერატურული კონკურსი 12-წლიანი გამოცდილებით  განკუთვნილია მათთვის,  ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს დარგის წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.