„მასპინძლობის კულტურა“- პროექტის პრეზენტაცია

„მასპინძლობის კულტურა“- პროექტის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მასპინძლობის კულტურა“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ-მოდულის მომზადება ტურისტული გიდებისთვის.  

პროექტი „მასპინძლობის კულტურა“ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ან მომავალში დასაქმების მსურველი გიდებისთვის არის განკუთვნილი. პროექტის საფუძველზე ინოვაციური მოდულის შემუშავებითა და მსოფლიო გამოცდილების გაზიარებით, პროფესიული სტანდარტის ჩარჩო სასწავლო დოკუმენტი შეიქმნება. მსოფლიოს ტურისტულად წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, შემუშავდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება საქართველოში მომუშავე ან მომავალი გიდებისთვის. კვლევა ითვალისწინებს რამდენიმე კომპონენტიანი, კომბინირებული პროგრამის შექმნას, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის შეძენისა და საჭირო უნარების გამომუშავებისათვის. 

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ჭეიშვილის თქმით, ტრენინგ-მოდული საშუალებას მისცემს უკვე მოქმედ გიდებს ან მათ, ვისაც არ აქვთ ჯერ გამოცდილება, მაგრამ სურთ ჩაერთონ ამ ბიზნესში. თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს პროგრამას „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი“. ამ პროექტში ჩართული პედაგოგები გამოცდილები არიან აღნიშნული მიმართულებით. „გარდა ამისა, შარშან დავიწყეთ მოკლევადიანი პროგრამის მომზადება. კონკრეტულად კონცენტრირებული ვიყავით სამუზეუმო გიდზე და ამისათვის ჩავატარეთ გარკვეული საველე სამუშაოები: შევისწავლეთ ბაზარზე არსებული მდგომარეობა, გიდების დამოკიდებულება. სხვადასხვა ხელისშემშლელი ნიუანსი აღმოჩნდა, რომლის აღმოფხვრასა და მოგვარებაზე ავაგეთ პროგრამა. ჩვენი შესამუშავებელი ჩარჩო-დოკუმენტი ხელს შეუწყობს გიდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი სტანდარტის შექმნას,“- აღნიშნა კახაბერ ჭეიშვილმა. 

საქართველოს თავისი ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობითა და სტუმარ-მასპინძლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით, შესაძლებლობა აქვს ტურიზმის მეშვეობით ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვოს. ამჟამად, საქართველოში ტურიზმი განვითარების ახალ ეტაპზეა. ტურიზმის განვითარებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში პროფესიონალი კადრების არსებობა, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უნიკალური ტურისტული ქვეყნის პოზიციონირებას შეძლებენ.

თსუ ტურიზმის დოქტორის ინა ვაწაძის განცხადებით, „პროექტი, ითვალისწინებს საქართველოში გიდებისთვის და განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის გიდებისთვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი ჩარჩო-დოკუმენტის შექმნას. რეალურად ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც აკადემიურ დონეზე იქნება შემუშავებული, მასში თავმოყრილი იქნება ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დაგროვდა თსუ-ში ტურიზმის სწავლების და განვითარების კუთხით.“ 

თსუ-ის მიერ მომზადებულმა პროექტმა  „მასპინძლობის კულტურა“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის: „ტურისტული გიდებისთვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ-მოდულის შემუშავება“ გაიმარჯვა.