რატი ბრეგაძე: ,,გუშინდელი საღამო მოცული ვიყავით იმით, რომ არც ერთი პატიმარი არ ყოფილიყო დაშავებული, ციხეში ყოფილიყო სიმშვიდე და ამ შედეგს მივაღწიეთ“

რატი ბრეგაძე: ,,გუშინდელი საღამო მოცული ვიყავით იმით, რომ არც ერთი პატიმარი არ ყოფილიყო დაშავებული, ციხეში ყოფილიყო სიმშვიდე და ამ შედეგს მივაღწიეთ“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილი მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მინისტრის განცხადებით,  დადგენილი წესის შესაბამისად,  მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტის დადასტურებისთანავე მოხდა  მათი ოჯახის  წევრების დაუყოვნებლივ ინფორმირება.

,,ჩვენ დადგენილი წესის შესაბამისად, როგორც კი დადასტურდა აღნიშნული პირების გარდაცვალების ფაქტი  შევატყობინეთ მათი ოჯახის წევრებს. ეს არის დადგენილი ფაქტი. გუშინვე ძალიან მალე გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შემდეგ“, _განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ,,რუსთავი-2“-ის ეთერში.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა,  მთავარი პრიორიტეტი ყველა მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და  დაწესებულებაში სიმშვიდის შენარჩუნება იყო და  ეს შედეგი მიღწეულია. მისი განცახდებით, სწორედ ამის გამო, არ გავრცელდა გუშინვე  ოფიციალური განცხადება გარდაცვალების ფაქტის შესახებ.

,,გუშინ მთელი საღამოს განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, ასევე ციხის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება არ იყო, შეგნებულად, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შემდეგ ეტაპ-ეტაპ დაიწყო ელექტროენერგიის აღდგენა. ჩვენ თავიდან ბოლომდე დაკავებული ვიყავით  თითოეული პატიმრის უსაფრთხოებით. ამ დროს მეც პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე, სადაც ვითარებას  ციხის ადმინისტრაციასთან ერთად ვაკვირდებოდი. ჩვენ მთელი გუშინდელი საღამო მოცული ვიყავით იმით, რომ არც ერთი პატიმარი არ ყოფილიყო დაშავებული, ციხეში ყოფილიყო სიმშვიდე და ამ შედეგს მივაღწიეთ“, _განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს გამოძიებას,  რათა გაირკვეს სიმართლე და  ხანძრის გამომწვევი რეალური მიზეზი დადგინდეს.

,,მე როგორც იუსტიციის მინისტრი პირადად ვარ დაინტერესებული რომ დადგინდეს სიმართლე და დარწმუნებული იყავით ჩვენგან  მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება გამოძიებას, იმისთვის, რომ საზოგადოებამ და პირველ რიგში,  მისმა ოჯახის წევრებმა გაიგონ სიმართლე", -განაცახდა რატი ბრეგაძემ. 

იუსტიციის მინისტრმა  შს მინისტრს ვახტანგ გომელაურსა და და თითოეულ მეხანძრეს ვინც  ხანძრის ჩაქრობის პროცესში  მიიღო მონაწილეობდა მადლობა გადაუხადა.

,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეხანძრეებს  და ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომელიც ძალიან აქტიურად იყო  ჩართული ხანძრის ჩაქრობის პროცესში და აღმოგვიჩინა  სრული დახმარება“, -განაცახდა რატი ბრეგაძემ.