ამ საღამოს შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია პოლიტიკურად პრაქტიკულად აღარ არსებობს, მაგრამ ამას, ხვალ „ქართული ოცნების“ გამარჯვებით სჭირდება საბოლოო ბეჭდის დასმა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ეს დესტრუქციული ძალები ემზადებოდნენ ქვეყნის ასარევად, მათ არ უწარმოებიათ წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ მედიის საშუალებით ამას დღეში რამდენჯერმე ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ეს ხალხი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის. სწორედ ეს პროვოკაცია, ქვეყნის არევის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ნაწარმოებმა მნიშვნელოვანმა ოპერაციამ სამართალდამცველებთან ერთად აგვარიდა თავიდან და კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა წულუკიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.