გახარიას პარტიის გორის ოფისის ერთი თვის ქირაში გორის მერის ყოფილი მოადგილე, ამჟამად უმუშევარი ერასტი ელიჯარაშვილი, რომელსაც ოფიციალური შემოსავალი არსად უფიქსირდება, 2000 ლარს იხდის. ამის შესახებ ტვ მონიტორინგის სიუჟეტშია ნათქვამი.
საიდან შოულობს ერასტი ელიჯარაშვილი ოფისის ქირის ფულს? სიუჟეტის ავტორის თქმით, ამ კითხვამ იგი დააბნია და წინასწარ შემუშავებული გუნდის მიერ დარიგებული სტანდარტული პასუხით შემოიფარგლა. ელიჯარაშვილი ამბობს, რომ ნათესავები და ახლობლები დაეხმარენ.
„პარტია „საქართველოსთვის“გორის ოფისის მოცულობა 200 კვადრატულ მეტრს აღემატება.
რომლის ქირაშიც უმუშევრად დარჩენილი გორის მერის ყოფილი მოადგილე, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2000 ლარს იხდის. ოპოზიციის თქმით, გიორგი გახარია მისი პარტიის წევრებს ფულის გაშავებისთვის იყენებს. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი ფულის მობილიზებას რუსეთიდან ახდენს, თანაპარტიელების დახმარებით კი შავ ფულს პარტიის ოფისების ქირასა და სააგიტაციო მასალების დამზადება-განთავსებაში იხდის. ერასტი ელიჯარაშვილის დაფინანსების წყაროების შესწავლას ითხოვს „ქართული ოცნება“. მმართველ გუნდში უმუშევრად დარჩენილი ელიჯარაშვილის მიერ ოფისის ქირის გადახდის საკითხი ბევრ კითხვის ნიიშანს ბადებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ კითხვის ნიშნებზე პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ იმ პოლიტიკური ფიგურის გადახდებით, რომელიც არ მუშაობს და ოფიციალური შემოსავალი არ უფიქსირდება, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ფიქრობენ, რომ შესაძლოა მსგავს შემთხვევებში ესა თუ ის პირი კორუფციულ საქმეებში იყოს გარეული. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური საქმიანობა გამჭვირვალე და მოსახლეობისთვის ღია უნდა იყოს. უმუშევარმა პოლიტიკოსმა პარტიის ოფისის ქირაში უკვე 4000 ლარი გადაიხადა, პარტიას კი 8 100 ლარი შეწირა. იკვეთება თუ არა საეჭვო გადახდებში კანონდარღვევა, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ - ამბობს სიუჟეტის ავტორი.