საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს, სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადასცა. ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ენერგეტიკოსებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა, სემეკის წევრებმა. სსე-სა და ესკოს ხელმძღვანელმა პირებმა. ასევე, ღონისძიების მონაწილეებს მიულოცეს ეკონომისტის დღე.
სემეკის თავმჯდომარემ მადლობის სიგელები გადასცა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და სემეკის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, წელს პირველად, დავით ნარმანიამ დააჯილდოვა წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენლებიც. მადლობის სიგელები გადაეცათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ღვაწლმოსილ სპეციალისტებს.
„ენერგეტიკოსის დღეს ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს. ენერგეტიკის სექტორისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე, როგორც სემეკის თავმჯდომარე, დაინტერესებული ვარ, რომ რაც შეიძლება მეტად შეეწყოს ხელი ახალგაზრდა ენერგეტიკოსების განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. ასევე, ვულოცავ ესკოს დაარსებიდან 15 წლის იუბილეს.
დღეს, ჩემთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული დღე აღინიშნება - ეკონომისტის დღე. ამ პროფესიაზე უამრავი რამ შემიძლია ვთქვა, როგორც ეკონომისტმა და ამ პროფესიის გულშემატკივარმა. არ არსებობს სფერო, სადაც ეკონომისტის საქმიანობა არ იყო საჭირო. ვულოცავ ამ დღეს ყველა მოქმედ და მომავალ ეკონომისტს, ვუსურვებ მათ პროფესიულ წინსვლასა და საინტერესო საქმიანობას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.