დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი თავდასხმისას ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობას უხდის.
კალაძის თქმით, გომელაურმა და შს სამინისტრომ ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაატარა.
„კიდევ ერთხელ მადლობა ვახტანგ გომელურს, შს სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა,“- აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, თავის დროზე რომ დაეჭირთ ბადრი ესებუა, მოხდებოდა თუ არა ეს ფაქტი, კალაძის თქმით, „შეიძლება მომხდარიყო, შეიძლება არ მომხდრიყო, რთულია ამაზე თქმა“.
ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა. რამდენიმე საათში, სამართალდამცავებმა თავდამსხმელი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი - 1972 წელს დაბადებული შ.მ.-ია დააკავებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.