საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს განცხადებებს ვენაში ვიზიტისას გამოეხმაურა.
„მათ გარკვეული მოლოდინი ჰქონდათ, რომელიც არ გამართლდა ისე, როგორც ისინი ელოდნენ და ბუნებრივია მათგან იყო განცხადებები და წუხილი. ფაქტი ერთია, გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა სხვა კანონპროექტებიც გავიდა, მათ შორის ამნისტიის კანონი“, - განაცხადა კუჭავამ.
კუჭავას განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. „ყველამ კარგად ნახეთ, რომ ხელმოწერის მიუხედავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაინც არ დაუჭირა მხარი და წინააღმდეგი წავიდა. მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ეს ხელშეკრულება შესაძლოა ძალაშიც არ ჩაითვალოს, რადგან ხელშეკრულების პირობებს არცერთი მხარე არ ითვალისწინებს“, - განაცხადა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით „ქართულ ოცნებას“ თავისი ამბიციური დღის წესრიგი აქვს. „ჩვენ ვაცხადებთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, გვაქვს ამბიციური დღის წესრიგი. მათ შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ამას ყოველთვის გავიმეორებთ, როგორც გათვალისწინებული იყო. განვაგრძობთ რეფორმას და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე იმ საკითხს, რომელზეც თანხმობა განვაცხადეთ“, - აღნიშნა კუჭავამ.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ის საელჩომ გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტის არშესრულების გამო „ქართული ოცნება“ გააკრიტიკეს.