1%-ც რომ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე, არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, - ასეთ სცენარს ჩვენ არ განვიხილავთ გამომდინარე იქიდან, რომ აბსტრაქციებზე ვერ ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
როგორც მმართველი გუნდის ლიდერმა აღნიშნა, საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებამ ერთგვარი რეფერენდუმი „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მოუწყოს, რადგან, მისივე თქმით, ეს ოპოზიციური პარტია „დეგრადირებული პოლიტიკური ძალაა“.
„რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ ჩვენს შედეგში, მაგრამ ვთქვით, რომ როგორი შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, არცერთ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება 2024 წელს. ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ წესრიგს. ერთი კარგი, რაც ამ შეთანხმების ანულირების საფუძველზე მოხდა, არის ის, რომ, ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს. შესაბამისად, ბუნებრივია, ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში აღარ დავუშვებთ იმას, რომ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ იმ ჩარჩოს, რომელიც კონსტიტუციას არის აცდენილი. აქედან გამომდინარე, ვერავითარ რეფერენდუმზე საუბარი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ ხალხს უნდა მოვუწოდოთ, რომ რეფერენდუმი უნდა მოუწყონ მათ, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას,“ რომელიც არის აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა და ამას ისინი ამტკიცებენ ამ საარჩევნო პერიოდშიც, ისევე როგორც დაამტკიცეს ეს 2020 წელს და უფრო ადრე.
1%-ც რომ აიღოს „ქართულმა ოცნებამ,“ თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე, არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. ასეთ სცენარს ჩვენ არ განვიხილავთ გამომდინარე იქიდან, რომ აბსტრაქციებზე ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენს მსჯელობას ვაფუძნებთ კონკრეტულ ფაქტებზე და კონკრეტული ფაქტი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა საზოგადოებისგან და შეგვიძლია იმ შედეგის გამეორება და გაუმჯობესებაც კი, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, რაღაც აბსტრაქტულ მოცემულობაზე ჩვენს დასკვნებს, ბუნებრივია, ვერ დავაფუძნებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.