ინდური წარმოების ვაქცინამ „კოვაქსინმა“ კორონავირუსის ინდური შტამის წინააღმდეგ 65,2%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ამის შესახებ კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი წერს.
ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის, Bharat Biotech-ის ინფორმაციით, „კოვაქსინმა“ კლინიკურ კვლევების დასკვნითი, მესამე ფაზა გაიარა. საერთო ჯამში კლინიკურ კვლევაში 18-დან 98 წლამდე ასაკის 25 800 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 2433 ადამიანი 60 წელს იყო გადაცილებული, 4500-ს კი სხვადასხვა დაავადება ჰქონდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.