ჩვენი ჩართულობა საქართველოში იმის კარგი მაგალითია, თუ რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირს მშვიდობისთვის, დემოკრატიისა და რეფორმებისათვის. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის სტატიაში სათაურით „რატომ გვჭირდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში“.
„ჩვენი ჩართულობა საქართველოში იმის კარგი მაგალითია, თუ რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირს მშვიდობისთვის, დემოკრატიისა და რეფორმებისათვის. ევროკავშირი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღების შუამავალი იყო და სათავეში უდგას კონფლიქტის გადაჭრის ძალისხმევას, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი უძღვება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საერთო ჯამში, საქართველოში თავისი საქმიანობის მეშვეობით ევროკავშირს დიდი წვლილი შეაქვს ნდობის განმტკიცების საქმეში“, - ნათქვამია სტატიაში.
ჟოზეფ ბორელი ასევე აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს გადაუჭრელი კონფლიქტები აქვს.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში 44-დღიანმა ომმა რეგიონი შეარყია და რეგიონული ბალანსი შეცვალა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების მხრიდან მზარდი მოლოდინია, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი უნდა მიიღოს აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში“, - აცხადებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
ჟოზეფ ბორელი ასევე აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტისას ევროკავშირის სამი წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაფიო მესიჯი გაახმოვანეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის და დარჩება ინკლუზიური თანამშრომლობის ფორმატად, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩვენ ვაფასებთ საქართველოს როგორც ასოცირებული ქვეყნის მაღალი დონის მისწრაფებებს.
„ევროკავშირს რეგიონთან დაკავშირებით ხედვა აქვს და რეფორმების კუთხით სანდო პარტნიორია. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციას პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა ეუთო და გაერო. ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ შიშისა და სიძულვილისგან თავისუფალი გარემოს შექმნის ძალისხმევას. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ გზებისა და ხიდების აღდგენას, არამედ შერიგებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. სამი ქვეყნის ლიდერებმა დააფასეს ევროკავშირის სხაგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი და აღნიშნეს, რომ რეგიონში ევროკავშირის უფრო მეტი ჩართულობა სურთ. მათ ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის მზადყოფნას რეგიონის ეკონომიკური განვითარების საკითხში და აღნიშნეს, რომ აფასებენ ევროკავშირის როლს ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“, - აცხადებს ჟოზეფ ბორელი.