მე პირადად მქონდა Pfizer-ის პრეზიდენტთან საუბარი და მიმოწერა და ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას, მილიონი დოზის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართuლ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ Pfizer-თან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, თანხა გადახდილია და აღნიშნული მილიონი დოზის მოწოდება ეტაპობრივად, ივლისიდან დაიწყება.
„ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ვაქცინების დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ, რა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს მიერ განსაზღვრული სამიზნე - ზრდასრული მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი წლის ბოლომდე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, რომლის უშუალო დახმარებითაც ჩვენ მივაღწიეთ წარმატებულ მოლაპარაკებას. ასევე, მე მქონდა პირადად Pfizer-ის პრეზიდენტთან უშუალოდ საუბარი და მიმოწერა, რის შედეგადაც ჩვენ, როგორც უკვე გითხარით, წლის ბოლომდე, 4 მლნ დოზის სრულად გამოყენებას შევძლებთ. აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ორშაბათიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.